სამეცნიერო ფორუმი – ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა
10 ივლისს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამეცნიერო ფორუმი – ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და კონფერენცია – „ქართული ხელნაწერი“ გაიხსნა, რომელიც ხორციელდება ლუვენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
როგორც „კვირას“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ფორუმის მიზანია ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია, ქართული ხელნაწერის მნიშვნელობის აქცენტირება, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და სტუდენტთა თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება; კორნელი კეკელიძის, ილია აბულაძის, ელენე მეტრეველის მიერ დამკვიდრებული ქართველოლოგიური სამეცნიერო ტრადიციების გაგრძელება.
ქართველოლოგიის საერთაშორისო სკოლა გათვალისწინებულია ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლით დაინტერესებული უცხოელი და ქართველი მკვლევრებისთვის.
საზაფხულო სკოლის დასრულების შემდგომ გაიხსნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხელნაწერი“, რომელზეც მოხსენებებით წარდგებიან სკოლის ქართველი და უცხოელი მსმენელები და ლექტორები. კონფერენცია ხელს შეუწყობს ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლის სფეროში დაგროვილი ცოდნის შეჯამებას, აქტუალური საკითხების წინ წამოწევას ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის სხვადასხვა სფეროს მიხედვით, სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვას.