გრიგოლ ვაშაძე პუტინის განცხადებაზე: ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა მოწმე ისტორიის დამახინჯების მცდელობისა
“გუშინ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა მოწმე ისტორიის დამახინჯების მცდელობისა”, – ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიცის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ისტორიული ფაქტების დამახინჯებას.
ვაშაძის თქმით, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, განსაკუთრებით კი – 1920 წლის შვიდი მაისის ხელშეკრულება.
მისივე თქმით, ყველაფერი, რაც 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციიდან მოხდა, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისტორიასა და ქართველი ერის მისწრაფებებს.
„გუშინ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა მოწმე ისტორიის დამახინჯების მცდელობისა. არავითარი მნიშვნელობა აქვს, ისტორიის დამახინჯების მცდელობა საგარეო საქმეთა სამინისტროს ატაშესა თუ რუსეთს ფედერაციის პრეზიდენტისგან მოდის. ეს განცხადებები არ გეგონოთ იზოლირებული ეპიზოდი. ეს ყველაფერი კარგად გააზრებული, მიზანმიმართული, დაგეგმილი საგარეო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ცდილობს, რაც შეიძლება მეტად შეკვეცოს საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამას ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ერთი რამ დავუპირისპიროთ: ეკონომიკა, რომელიც ძლიერ საზოგადოებასა და ძლიერ არმიას შეინახავს. სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს და ეს ეროვნული კომპრომისის გარეშე შეუძლებელია. სანამ არ მოვილაპარაკებთ იმ თემებზე, რომლებიც გვაერთიანებს და ბიბლიასავით დავიზეპირებთ, იქამდე ვერ გადავწყვეტთ იმ პრობლემებს, რომელიც გვთიშავს”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ისტორიულ ოკუპაციაში, ასევე, გენოციდში ადანაშაულებს.
„ოსეთი რუსეთის იმპერიაში 1774 წელს მთლიანად – ჩრდილოეთი და სამხრეთ ნაწილებით შევიდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო; აფხაზეთი 1810 წელს, ასევე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც სამთავრო. შემდეგ სამხრეთ ოსეთი თბილისის გუბერნიაში შევიდა, არ ყოფილა არავითარი საქართველო. როდესაც დაიშალა რუსეთის იმპერია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ აფხაზეთის შთანთქმა სცადა. ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და გერმანული ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა. ოკუპანტები ძალიან მკაცრად იქცეოდნენ. უფრო მკაცრად მოიქცა ქართული ჯარი ოსეთში, 1919-1920 წლებში. ეს არის ის, რასაც დღეს გენოციდს უწოდებენ. ეს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ კარგად უნდა იცოდეს. არ შეიძლება ამის დავიწყება, თუ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სურს ურთიერთობების დალაგება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სტალინის დროს შეიქმნა და აფხაზეთი მისი ნაწილი გახდა. ენკავედე-მ ბერიას ხელმძღვანელობით აფხაზეთში უმკაცრესი ზომები მიიღო, რომელთა მიზანი საქართველოს მიერ აფხაზეთის შთანთქმა იყო. ეს მძიმე მემკვიდრეობა თანამედროვე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა“, – განაცხადა პუტინმა.