„ხშირად მოგვისმენია ისტორიის დამახინჯების ფაქტები, ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ისტორია 1918 წელს არ დაწყებულა“

„ძალიან ხშირად მოგვისმენია ისტორიის დამახინჯების ფაქტები, ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ისტორია 1918 წელს არ დაწყებულა“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას.
„აფხაზეთი და ოსეთი ყოველთვის იყო, არის და, დარწმუნებული ვარ, იქნება საქართველოს შემადგენლობაში და ასე იქნება ყოველთვის“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ისტორიულ ოკუპაციაში, ასევე, გენოციდში ადანაშაულებს.
„ოსეთი რუსეთის იმპერიაში 1774 წელს მთლიანად – ჩრდილოეთი და სამხრეთ ნაწილებით შევიდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო; აფხაზეთი 1810 წელს, ასევე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც სამთავრო. შემდეგ სამხრეთ ოსეთი თბილისის გუბერნიაში შევიდა, არ ყოფილა არავითარი საქართველო. როდესაც დაიშალა რუსეთის იმპერია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ აფხაზეთის შთანთქმა სცადა. ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და გერმანული ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა. ოკუპანტები ძალიან მკაცრად იქცეოდნენ. უფრო მკაცრად მოიქცა ქართული ჯარი ოსეთში, 1919-1920 წლებში. ეს არის ის, რასაც დღეს გენოციდს უწოდებენ. ეს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ კარგად უნდა იცოდეს. არ შეიძლება ამის დავიწყება, თუ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სურს ურთიერთობების დალაგება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სტალინის დროს შეიქმნა და აფხაზეთი მისი ნაწილი გახდა. ენკავედე-მ ბერიას ხელმძღვანელობით აფხაზეთში უმკაცრესი ზომები მიიღო, რომელთა მიზანი საქართველოს მიერ აფხაზეთის შთანთქმა იყო. ეს მძიმე მემკვიდრეობა თანამედროვე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა“, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები