ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვცდილობთ, იმ პროგრესში დაგეხმაროთ, რომელსაც ქვეყანა მოდერნიზაციაში განიცდის

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტომაშ პეტრშიჩეკის თქმით, ჩეხეთი საქართველოს მიმართ თავისი მხარდაჭერის ძალისხმევის ერთგული რჩება, რათა ქვეყანამ ევროატლანტიკური და ევროპული მიმართულებით წინ იმოძრაოს. როგორც მან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათი ქვეყანა მზადაა, საქართველოს საექსპერტო გამოცდილებით, ტრანსპორტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაეხმაროს.
„ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისა და ინვესტიციების მოცულობის გაზრდისთვის ფართო პოტენციალი არსებობს. მოხარული ვარ, რომ საქართველოში, დაახლოებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 5% ჩეხეთიდან შემოდის. ჩეხეთი მზად არის, საქართველოს დაეხმაროს საექსპერტო გამოცდილებით, ტრანსპორტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჩეხეთი ცდილობს, საქართველოს დაეხმაროს იმ პროგრესში, რომელსაც ქვეყანა მოდერნიზაციაში განიცდის. ჩეხეთი საქართველოს მიმართ თავისი მხარდაჭერის ძალისხმევის ერთგული რჩება, რათა ქვეყანამ ევროატლანტიკური და ევროპული მიმართულებით წინ იმოძრაოს. ჩეხეთი მხარს უჭერს დემოკრატიულ საქართველოს“, – განაცხადა ტომაშ პეტრშიჩეკმა.
მისივე თქმით, საქართველოს ყველა პრაქტიკული მექანიზმი აქვს, რომელიც ნატო-ს წევრობის მოსამზადებლად საჭიროა.
„მსურს, მაღალი შეფასება მივცე საქართველოს ვალდებულებას, იმუშაოს ნატო-სა და ევროკავშირთან მთელ რიგ მისიებში. ჩვენ იმ ფაქტს ვაფასებთ, რომ თქვენი ჯარისკაცები, ჩვენი ჯარისკაცების მხარდამხარ ავღანეთში იმყოფებიან, ასევე, მალის რესპუბლიკაში რეგიონში სტაბილურობას უზრუნველყოფენ, სადაც ამის მოთხოვნა არსებობს. ჩვენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება განვიხილეთ. ჩვენ ის ნაბიჯები გვაშფოთებს, რომლებსაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ცხინვალისა და სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება რუს პატრონებთან ერთად დგამს. ჩვენ საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივებსა და პროგრამების მხარდაჭერას ვაცხადებთ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. მიგვაჩნია, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია. მინისტრთან განვიხილეთ საჭიროება, რომ რუსულ პროპაგანდას წინ აღვუდგეთ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ რთული ამოცანის რეალიზაციაში“, – განაცხადა ტომაშ პეტრშიჩეკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები