მამუკა ბახტაძე პუტინის განცხადებაზე: ეს არის ფაქტების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაცია
საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე რუსეთის პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. პრემიერმა პუტინის განცხადება ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციად შეაფასა.
„სამწუხაროდ, პირველად არ გვესმის მსგავსი განცხადებები, რომელიც ეყრდნობა ფაქტების ფუნდამენტურად არასწორ ინტერპრეტაციას. საქართველოს ისტორია არის ის, რითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. საქართველოს ისტორია არის ევროპული ისტორიის ნაწილი და გარწმუნებთ, ევროპელებს, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობას აქვს ძალიან კარგი და დეტალური ცოდნა ჩვენი ისტორიის შესახებ. როგორც ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით, ასე ამაყობს ევროპაც, ვინაიდან, ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენი ამოცანაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია არა მხოლოდ ისტორიის შესახებ, არამედ მომავალი გეგმების შესახებ და მომავალი გეგმა არის ძალიან ერთმნიშვნელოვანი და მარტივი – საქართველო გააგრძელებს ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობას და ამ მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას თითოეული ადამიანი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს – ჩვენი ოსი და აფხაზი ძმები და თითოეული ეთნიკური წარმოშობის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ჩვენს საერთო სამშობლოში, ეს არის ის, რაზეც სახელმწიფო უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და პასუხისმგებლიანი მთავრობის მთავარი ამოცანაა, რომ დაიცვას ეროვნული ინტერესები და თავისი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესები”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის წინაშე არსებული მტკივნეული გამოწვევების გადასალახად საჭიროა კონსოლიდაცია და ერთობლივი ძალისხმევა.
„მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდო – მეგობრებო ახლა არის კონსოლიდაციის დრო და ნამდვილად არ არის პოლარიზაციის დრო. პოლარიზაცია არის ის, რაც საქართველოს ხდის ადვილ სამიზნეს და ეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.