აწყურში, სავარაუდოდ, მე–11 საუკუნის კანკელი აღმოაჩინეს
„აწყურის ტაძართან კვლავ ახალი აღმოჩენა, სავარაუდოდ, კანკელის ფრაგმენტი. კომპანია „ივერთმშენს“ დიდი მადლობა“, – ახალი აღმოჩენის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე წერს ფეისბუქის გვერდზე.
აწყურის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, სავარაუდოდ, კანკელის ფრაგმენტის აღმოჩენაზე ახალი ამბების სააგენტო „სამხრეთის კარიბჭეც“ აქვეყნებს ინფორმაციას.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურის უფროსის გიორგი გაგოშიძის თქმით, ფილაზე ღვთისმშობლის მიძინების სცენაა გამოსახული.
„სავარაუდოდ, ეს არის კანკელის ფილა. მაღალმხატვრული ჩუქურთმითა და რელიეფური პლასტიკით. გამოსახულია ღვთისმშობლის მიძინების სცენა. რაც ტელეფონში გადმოგზავნილი ფოტოთი ვნახე, ეს შემიძლია გითხრათ. სავარაუდოდ, მე–11 საუკუნის ნამუშევარია”, – განმარტავს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი გიორგი გაგოშიძე.
აწყურის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას აღმოჩენილი შუა საუკუნეების ნაეკლესიარის და აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისის შემდეგ, ეს უკვე მესამე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა.
აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია უკვე მესამე წელია, მიმდინარეობს. სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, ამოყვანილია კედლები და სრულდება აღმოსავლეთ ფასადის მშენებლობა, რომელიც საკურთხევლის მხარეა. აღნიშნულ ფასადს ზუსტად ისეთი ფორმით აღადგენენ, როგორიც X-XI საუკუნეებში იყო. ტაძრის შიდა ნაწილში უკვე ამოყვანილია ექვსივე სვეტი.