თბილისის განვითარების ფონდის ინიციატივით, გუდიაშვილის მოედანზე პროფესიულ წრეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანლის, ალექსანდრე ტოგონიძის ინიციატივით, გუდიაშვილის მოედანზე პროფესიულ წრეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო, თბილისის ისტორიული ნაწილის სარეაბილიტაციო საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება და სამომავლო თანამშრომლობის განვითარება.
ალექსანდრე ტოგონიძის თქმით, შეხვედრაზე დედაქალაქის წინაშე ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს.
„განვიხილეთ რამდენიმე პრობლემური საკითხი, შევჯერდით გადაწყვეტებზე, ასევე, დავგეგმეთ სამომავლო ნაბიჯები პროცედურებისა თუ საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებით და ჩამოვყალიბდით, რომ შეიქმნება საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც დააკვირდებიან ფონდის მიერ რეაბილიტირებულ პროექტებს. ჩვენ პირდაპირი კავშირი გვექნება მათთან, რომ მაქსიმალურად ოპერატიულად აღმოიფხვრას ყველა ხარვეზი და შენარჩუნდეს ის ისტორიული ღირებულებები, რაც გააჩნია თბილისს“, – განაცხადა თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეების ჩართულობით და სპეციალისტების რეკომენდაციით განხილულ იქნა გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს წარმოქმნილი სირთულეები და მათი გადაწყვეტის გზები, ასევე გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის საკითხი და თანამშრომლობის ფორმა.
გუდიაშვილის მოედნის და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს ქვემო კალაში მდებარე, არქიტექტურულ-მხატვრული თვალსაზრისით დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის აღდგენას.
სარეაბილიტაციო არეალში არსებული შენობების აბსოლუტურ უმრავლესობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად აღდგენას ექვემდებარება 30-ზე მეტი მისამართი, მათგან 20-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი.
თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან შეხვედრას ესწრებოდნენ გუდიაშვილის პროექტის სამუშაოების შემსრულებელი მხარეები, „ICOMOS საქართველოს“ წარმომადგენლები, პროექტის ავტორები, საკრებულოს წევრები, ხელოვნებათმცოდნეები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, გუდიაშვილის მოედანზე მომუშავე არქეოლოგები და „ტფილისის ჰამქარის“ წარმომადგენელი.