ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას – „საქართველოს ევროპულ გზას“ უმასპინძლებს
11-12 ივლისს, ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას – „საქართველოს ევროპული გზა“ უმასპინძლებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი კონფერენცია უპრეცედენტო მასშტაბით გამოირჩევა, რადგან ის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება.
ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, საქართველოს ევროკავშირის და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი და მაღალი დონის პირები ეწვევიან, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრი იადრანკა იოქსიმოვიში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი დანიელა მორარი, ალბანეთის, ბელორუსიის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ნორვეგიისა და მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნები, გერმანიის, რუმინეთის, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები.
ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციას – „ღირებული თანამშრომლობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები” 11 ივლისს მისასალმებელი სიტყვით გახსნის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.