ხარაგაულის სახალხო თეატრი ლატვიის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
10 ივლისს, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ლატვიაში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება. ინფორმაციას ვებგვერდი „ჩემი ხარაგაული“ ავრცელებს.
ხარაგაულის თეატრი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „ორნი“ წარდგება. ამ სპექტაკლით დაიხურება საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თამაშები სიამოვნებისთვის,“ რომელიც ლატვიის ქალაქ ლიმბაჟში 1991 წლიდან ტარდება.
რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ „ორნი“ მაკა კუკულავას ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით შარშან დადგა. ირინე ჩხეიძე ამ სპექტაკლში მთავარი როლის შემსრულებელია. მან ქუთაისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე – „თეატრალური იმერეთი – 2018“ ნომინაციაში ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის გაიმარჯვა.
ლიმბაჟის საერთაშორისო ფესტივალში წელს ლატვიისა და ლიეტუას სახალხო თეატრები ჩაერთვებიან. საქართველოს ამ ფესტივალზე ხარაგაულის სახალხო თეატრი წარმოადგენს.
ლატვიის ქალაქ ლიმბაჟში თეატრალური ფესტივალი – „თამაშები სიამოვნებისთვის – 2019“ მეთხუთმეტედ იმართება.
ხარაგაულისა და ლიმბაჟის თეატრების მეგობრობა კი 28 წელს ითვლის.