ვენესუელაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები განახლდა
ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ ადგილობრივ მედიას განუცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ბარბადოსის კუნძულზე ნორვეგიული მხარის მონაწილეობით მიმდინარეობს.
“საკმაოდ იმედისმომცემი დასაწყისია. ამის შესახებ ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელისგან მივიღე ინფორმაცია”, – თქვა მადურომ.
მადუროს თქმით, მოლაპარაკებები შეეხება ცხოვრების ყველა სფეროს, განსაკუთრებით კი პოლიტიკას, კულტურას, ეკონომიკასა და სოციალურ თემებს.
“დღეს დიალოგი 5 საათს გაგრძელდა. ეტაპობრივად შევძლებთ, მშვიდობის, არაძალადობრივი და კონსტრუქციული დიალოგის გზა გავხსნათ”, – აღნიშნა ვენესუელას პრეზიდენტმა.
ინტერვიუს ბოლოს მან დაამატა, რომ ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი.