ცაგერის რაიონის სოფელ დეხვირში შუა საუკუნეების ციხის ნაშთები იპოვეს
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირში არქეოლოგებმა შუა საუკუნეების ციხის ნაშთები აღმოაჩინეს. „პირველი არხის“ ინფორმაციით, ძეგლი დეხვირის ციხეთა კომპლექსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
„ძეგლი სავარაუდოდ, XIV-XVII საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. ძალიან მნიშვნელოვანი ციხეა, რადგან ვახუშტი ბატონიშვილის აღწერილობით „დეხვირის ციხეა თავი თაკვერისა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ციხეთა მფლობელი მთელი ლეჩხუმის მფლობელი იყო“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს არქეოლოგმა შალვა ბუაძემ.
არქეოლოგიური ექსპედიცია სოფელ დეხვირში ხუთი დღის წინ დაიწყო. დეხვირის ციხეთა კომპლექსის კვლევა კი, სპეციალისტებმა 2015 წლიდან დაიწყეს. არქეოლოგიურ სამუშაოებს 2015 წლიდან ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს.
კვლევების ფარგლებში ამ დრომდე რამდენიმე ციხე, მათ შორის, ციხეთა კომპლექსის მთავარი ციხე აღმოაჩინეს.