საქართველოში ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალი ჩატარდება
საქართველოში ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში პრესკონფერენცია გაიმართა.
პრესკონფერენციას უძღვებოდნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი მაისურაძე, საოპერო მომღერალი და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ანდღულაძე, „ ბლექ სი არენას” დირექტორი ტატო ხარჩილავა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საერთაშორისო ურთიერთობებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსუდან მაცაბერიძე.
ვერდის ფესტივალი, რომელიც ქალაქ პარმასა და ბუსეტოში ყოველწლიურად ტარდება, მილიონობით მელომანს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
წელს ვერდის ფესტივალი პირველად გასცდება იტალიის საზღვრებს და საქართველოში ჩატარდება.
2018 წლის 23 აგვისტოს, ვერდის ფესტივალსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს შორის სამწლიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, თეატრს ვერდის ფესტივალის ჩატარების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა. ფესტივალი პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.
ფესტივალის პროგრამა:
• 16 აგვისტო – „ბალ-მასკარადი“ (პარმის ოპერის თეატრის სპექტაკლი);
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
• 23 აგვისტო – „აიდა“ (Arena di Verona-ს დადგმა);
„ბლექ სი არენა“
• 25 აგვისტო – საოპერო ვარსკვალვების გალა-კონცერტი;
„ბლექ სი არენა“
პროექტის მიზანია, საქართველოს კულტურის რეგიონალურ ცენტრად ჩამოყალიბება და ხელს შეუწყობს კულტურული ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში.