„თეირანის ქრისტიანულ სასაფლაოთა კომპლექსის ქართული სექტორი“ – პროექტის საბოლოო შედეგებისა და წიგნის წარდგენა გაიმართება

9 ივლისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201 აუდიტორიაში გაიმართება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის –  „თეირანის ქრისტიანულ სასაფლაოთა კომპლექსის ქართული სექტორი (ისტორიულ-კულტურული კვლევა, არსებული საფრთხეებისა და მათი გადაწყვეტის გზების დასახვა)“ – საბოლოო შედეგებისა და პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის პრეზენტაცია, ასევე დულაბის სასაფლაოს ქართული სექტორისა და მინადორა ხოშტარიას აკლდამის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოგამოფენა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტის უპირველესი ამოცანა იყო, დულაბის სასაფლაოთა კომპლექსის ქართული სეგმენტის გადარჩენა და ამ მიზნით თანამშრომლობა როგორც ირანულ სამეცნიერო და ადმინისტრაციულ სტრუქტურებთან, ასევე დულაბის სასაფლაოთა კომპლექსის შენარჩუნება-რეაბილიტაციაზე მომუშავე ყველა სხვა სახელმწიფოს შესაბამის ორგანიზაციებსა და სამეცნიერო ცენტრებთან, რაც წარმატებით განხორციელდა.
ირანში განხორციელებული მივლინებების დროს დადგინდა სასაფლაოს დღევანდელი ვითარება, შეიქმნა მონაცემთა ბაზა, აიზომა ქართული ეკლესიის ფორმის მქონე მინადორა ხოშტარიას აკლდამა და ყველა ქართული საფლავი, შეგროვდა და სარესტავრაციოდ შეინახა აკლდამისა და საფლავების ყველა დაზიანებული ნაწილი, მოხდა როგორც სასაფლაოს, ისე ყველა არტეფაქტის ფოტოფიქსაცია.
პროეტის მონაწილეთა ძალისხმევით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ირანულ მხარესთან შეთანხმებით მუშაობა დაიწყო მინადორა ხოშტარიას აკლდამის რესტავრაცია-გამაგრების პროექტზე.
პროექტის განხორციელებით დაისახა დულაბის ქართული საფლავების შენახვა-დაცვის გზები; ირანული წყაროებისა და საქართველოში დაცული საარქივო მასალების გამოყენებით დაზუსტდა დასაფლავებულ პირთა ვინაობა და ირანში მათი საქმიანობის სფერო, რითაც შეივსო ცნობები ირანში ბოლო ორი საუკუნის მანძილზე არსებული ქართული ემიგრაციის შესახებ.
პროექტის შედეგები აისახა სამეცნიერო კრებულში.

მის: S201 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები