„ევრიმაჟში“ საქართველოს ახალი წარმომადგენლის ვინაობა უახლოეს ხანში გახდება ცნობილი
„ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენელმა, თამარ ტატიშვილმა თავისი საქმიანობა დაასრულა. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „ევრიმაჟში“ საქართველოს ახალი წარმომადგენლის ვინაობა უახლოეს ხანში გასაჯაროვდება.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის თამარ ტატიშვილს ამ ხნის განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის და უსურვებს შემდგომ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.
თამარ ტატიშვილი 2010-2013 წლებში ხელმძღვანელობდა ეროვნულ კინოცენტრს, ხოლო 2011 წლიდან 8 წლის მანძილზე იყო საქართველოს წარმომადგენელი ევროსაბჭოს პროგრამაში „ევრიმაჟი“.
„ევრიმაჟი“ არის ევროსაბჭოს პროგრამა, რომელიც ევროპის ქვეყნების კინოინდუსტრიების თანამშრომლობას უწყობს ხელს. ეს ფონდი ძირითადად აფინანსებს ერთობლივ წარმოებას ორ ან რამდენიმე ევროპულ ქვეყანას შორის. წარმოების გარდა „ევრიმაჟი“ ხელს უწყობს ევროპული კინოს დისტრიბუციასა და კინოთეატრების განვითარებას.
„ევრიმაჟთან“ საქართველოს კონტაქტები დაიწყო 2006 წელს, როცა თბილისს ეწვია პროგრამის მაშინდელი დირექტორი რენატე როგინასი. უკვე მომდევნო წელს სამუშაო შეხვედრები ჩაატარა თბილისის კინოფესტივალზე სტუმრად მყოფმა, ახლად დანიშნულმა დირექტორმა იან ვანდირენდონკმა. ინტენსიური მუშაობის შემდეგ, 2011 წელს საქართველო გახდა „ევრიმაჟის“ 36-ე წევრი. დღეს „ევრიმაჟში“ 39 ქვეყანაა გაერთიანებული. ყველა ეს ქვეყანა იხდის საწევრო გადასახადს. გასული 8 წლის განმავლობაში საქართველომ საწევროს სახით „ევრიმაჟში“ შეიტანა 965 097 ევრო. სანაცვლოდ ქართული პროექტების დასაფინანსებლად მიიღო 3 092 322 ევრო. სულ დაფინანსდა 15 ქართულ-უცხოური კოპროდუქცია.
„ევრიმაჟის“ სესიები, რომლებზეც პროექტებს განიხილავენ, წელიწადში ოთხჯერ ტარდება. 2015 და 2018 წლებში სესიებს თბილისმაც უმასპინძლა.