მინსკში ფეიერვერკმა ქალი იმსხვერპლა
ბელარუსის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქში ფეიერვერკის გაშვების დროს ერთი ქალი დაიღუპა. ინფორმაციას ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ამჟამად, ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ჯერ არ გადაწყვეტილა, ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კუთხით აღიძრას თუ არა.
ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ქალს სასწრაფო დახმარება დროულად გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უწყების განმარტებით, გარდაცვლილი ფეიერვერკს მდინარე სვისლოჩის ნაპირიდან უყურებდა.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფეიერვერკის დროს, ჯამურად, 4 ადამიანი დაშავდა, უწყების ცნობით კი მსგავსი ფეიერვერკები ადრეც გამოუყენებიათ, თუმცა არავინ დაშავებულა.
“თავდაცვის სამინისტროს კომისია და საგამოძიებო კომიტეტი ერთად მუშაობს, რათა მინსკში ფეიერვერკის დროს მიღებული ტრავმების მიზეზები დადგინდეს”, – თქვა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა საგანგებო ბრიფინგზე.