პროტესტი და უთანხმოება ევროპარლამენტში – სესიის გახსნაზე ჰიმნის შესრულებისას “ბრექსიტის” წევრებმა დარბაზს ზურგი შეაქციეს (ვიდეო)
ევროპარლამენტის პირველი სესია პროტესტისა და აქციის ფონზე დაიწყო.
პირველი მესიჯი ევროპარლამენტს ბრექსიტის პარტიის წევრებმა გაუგზავნეს. ისინი ევროპის მასშტაბით არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტის პირველ სხდომაზე ჰიმნის შესრულებისას დარბაზში ზურგშექცევით დადგნენ.
პროტესტის მეორე ნაწილი კი ევროპარლამენტის შენობის გარეთ მიმდინარეობდა. სესიის დაწყებისას, პარლამენტის შენობის გარეთ რამდენიმე ასეულმა კატალონიელმა აქცია გამართა, რადგან სამი კატალონიელი პოლიტიკოსი: კარლეს პუიჩდემონი, ტონი კომინი და ორიოლ ჯანქერასი – ევროპარლამენტში ადგილის დაკავებას ვერ ახერხებს. კარლეს პუიჩდემონი და ტონი კომინი აკრძალული რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ ბრიუსელში გაიქცნენ, ორიოლ ჯანქერასი კი დაპატიმრებულია.
ამასთან, სტრასბურგში “ბრექსიტის” წინააღმდეგ აქცია გამართეს პროევროპულმა ლიბერალ-დემოკრატებმაც.
ამ ყოველივეს პარალელურად კი ევროპელი ლიდერები ევროკავშირის წამყვან თანამდებობებზე კვლავ ვერ თანხმდებიან.