ტრამპი: ავღანეთი ტერორისტების ლაბორატორიაა
“ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანასთან დაკავშირებით მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანა ტერორისტების ლაბორატორიაა”, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან” ინტერვიუში ამერიკელი სამხედროების ავღანეთიდან გამოყვანის თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას.
მისი თქმით, სამხედრო მაღალჩინოსნებმა საკითხის განხილვისას განუმარტეს, რომ ტერორისტებთან ბრძოლა უმჯობესია ავღანეთში, ვიდრე – საკუთარ სახლში.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა არ დამალა ის ფაქტი, რომ, ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შემთხვევაში, ვაშინგტონი ადგილზე „ძალიან ძლიერ დაზვერვას“ დატოვებს.
ცნობისთვის, პირველ ივლისს აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზალმაი ხალილზადმა ყატარში, 18-წლიანი ომის დასრულების მიზნით, “თალიბანის” წარმომადგენლებთან მოლაპარაკების მეშვიდე რაუნდი გამართა. მოლაპარაკებებზე “თალიბანი” ავღანეთიდან უცხო ქვეყნის ჯარების გაყვანას ითხოვს, აშშ კი გარანტიებს ითხოვს, რომ, ჯარების გასვლის შემდეგ, ავღანეთის ტერიტორია სხვა ქვეყნებზე თავდასხმების მოსაწყობად არ იყოს გამოყენებული. ამჟამად, ავღანეთში 9000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა.