„აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები“ – წიგნის წარდგენა გაიმართება
2 ივლისს, 17 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გამოცემის: „აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები“ პრეზენტაცია გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნის ავტორები არიან: ჯემალ გამახარია, ლია ახალაძე და დაზმირ ჯოჯუა.
წიგნში განხილულია ოკუპირებული აფხაზეთის ისტორიის აქტუალური საკითხები უძველესი დროიდან დღემდე, ყურადღება გამახვილებულია პოლიტიკურ, ეთნიკურ და საეკლესიო პრობლემებზე. ავტორები მოგვითხრობენ 1992-1993 წლებში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის, 2008 წლის აგვისტოს ღია აგრესიის, ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის, გენოციდისა და მცოცავი ანექსიის რუსული პოლიტიკის შესახებ. აქვე აღნიშნულია, რომ აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით.
წიგნი განკუთვნილია ისტორიის მასწავლებლების, უფროსი კლასის მოსწავლეებისა და აფხაზეთის საკითხებით დაინტერესებული ფართო მკითხველისათვის.