ჩეჩნეთში პოლიციელებს თავს დაესხნენ – თავდამსხმელი ლიკვიდირებულია
ჩეჩნეთის სოფელ ბამუტში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ. ინციდენტის შედეგად ერთი სამართალდამცველი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ტასი” ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტელე-რადიოკომპანიის დირექტორ აჰმედ დუდაევზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია”, – ამბობს დუდაევი.
ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს ადასტურებს.
“დღეს, 14:00 საათზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის აჩხო-მარტანოვსკის ოლქის №4 საკონტროლო პოსტზე უცნობი პირი მიუახლოვდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებისა და შენაერთების დროებითი ოპერატიული დაჯგუფების ოფიცერს და დანით დაჭრა, შემდეგ კი ყუმბარა ისროლა. ჩეჩენმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს და თავდამსხმელი ლიკვიდირებულია”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, პოლიციელი მიღებული ჭრილობისგან საავადმყოფოში გადაყვანის დროს გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტროში თავდამსხმელის იდენტიფიცირება მიმდინარეობს.