ცნობილ გერმანელ ქართველოლოგთან, იოსტ გიპერტთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ცნობილ გერმანელ ქართველოლოგთან და აკადემიის უცხოელ წევრთან იოსტ გიპერტთან შეხვედრა გაიმართა, ასევე მას უცხოელი წევრის დიპლომი გადაეცა.
შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, შემდეგ სიტყვა გადაეცა აკადემიკოს მზექალა შანიძეს, რომელმაც დაწვრილებით მიმოიხილა იოსტ გიპერტის შემოქმედებითი და მეცნიერული გზა.
იოსტ გიპერტი მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორია, იგი არის 200-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრი, მათ შორის, გელათის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო უნიევრსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. თავისუფლად ფლობს ქართულ ენას და იცის სვანური. მან მრავალი ქართველოლოგიური ნაშრომი გამოაქვეყნა უცხოურ ჟურნალებში გერმანულად და ინგლისურად. მან საქართველოში ჩამოიტანა და ქართველ კოლეგებს გადასცა ათონურ ქართულ ხელნაწერთა სრული ელექტრონული ვერსია.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენრთან თანამშრომლობით გიპერტმა გამოაქვეყნა გერმანულად წიგნი „ქართული ხელნაწერები“.
მისი ინიციატივით 2002 წელს ფრანკფურტის უნივერსიტეტში დაარსდა კავკასიოლოგიის კათედრა, რომელზეც დღესაც იკითხება ძველი ქართული ენა, ახალი ქართული ენა, მეგრული, ლაზური, სვანური, კავკასიის ალბანური და სხვა.
გიპერტმა გერმანულად თარგმნა გალაკტიონ ტაბიძისა და რატი ამაღლობელის ლირიკა.
შეხვედრის დასასრულს აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა აღნიშნა, რომ – 2021 წელს მეცნიერებათა აკადემიას უსრულდება 80 წელი და ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჩატარდება ქართველოლოგიური კონგრესი, რომელზეც მოწვეულია იოსტ გიპერტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები