სიღნაღში იაპონელი ხელოვანის კოშუს (აკემი ლუკასის) კალიგრაფიის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
4 ივლისს, 16:00 საათზე, საქართელოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმში, იაპონელი ხელოვანის კოშუს (აკემი ლუკასის) კალიგრაფიის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა „ექო“ გაიხსნება.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაცით, კოშუმ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებების ციკლში „ტოკუგავა და ოსტატები“, რომლის საჯარო ლექციათა ნაწილსაც 2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა უმასპინძლა. კოშუ მიიჩნევს, რომ სიღნაღში პირველმა სტუმრობამ მისი გული სიყვარულით აავსო და მის ფუნჯს რამდენიმე ნამუშევარი შესძინა. კალიგრაფიის ოსტატის თქმით, ბევრს ფიქრობდა, როგორ აესახა სიყვარული ფუნჯის თითოეულ მონასმში: „იქნებ, მათ გადმოსცენ ამ ყველაფრის ექო ადამიანებში და შეეხმიანონ მომავალს.“
ბრიტანეთში მცხოვრები იაპონელი ხელოვანი მოხარულია, რომ მუშაობს ორ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე. ესენია: რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი და ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშები. ორივე ძალიან პრესტიჟული სამუშაოა და თვლის, რომ ამ პროექტებზე მუშაობა მისთვის დიდი პატივი და შესაძლებლობაა, ფართო საზოგადოებას გააცნოს თავისი ნამუშევრები და უფრო მეტად შეაყვაროს იაპონური ხელოვნება.
კოშუ დაიბადა იაპონიაში. რვა წლიდან დაიწყო კალიგრაფიის შესწავლა. მისი გამორჩეული სტილის კალიგრაფია ეფუძნება იაპონურ ტრადიციულ ცოდნას და მოიცავს ძველისა და თანამედროვეს, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, წინასა და მომდევნოს ნაზავს. ხელოვანი მუდმივად მართავს გამოფენებს, პერფორმანსებს, ვორკშოპებს, მუშაობს სხვადასხვა პროექტზე.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან; საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იაპონიის საელჩო საქართველოში, მხარდამჭერია – სიღნაღის მუნიციპალიტეტი და „ჯორჯიან ექსპრესი“.
გამოფენა 11 ივლისამდე გასტანს.
მისამართი: სიღნაღის მუზეუმი, შ. რუსთაველის ჩიხი 8.