რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, დღეს კომუნიკაცია შედგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან.
როგორც აბაშიძემ განაცხადა, საუბრის დროს აღინიშნა, რომ ორივე მხარე განწყობილია ბოლო წლებში მიღწეული პოზიტივის შეძლებისდაგვარად შენარჩუნებისთვის.
„დღეს გვქონდა კომუნიკაცია გრიგორი კარასინთან. ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე. ზოგადად, აღინიშნა, რომ როგორც ჩვენი მხარე, ასევე რუსეთის მხარე ისეა განწყობილი, რომ, შეძლებისდაგვარად, უნდა შენარჩუნდეს ის პოზიტივი, რაც ბოლო წლების განმავლობაში იყო მიღწეული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კავშირების, გარკვეული ჰუმანიტარული ურთიერთობების თვალსაზრისით. ახლა მთავარია, ემოციებმა კიდევ უფრო არ დაძაბოს და არ დააზარალოს უამრავი ჩვენი მოქალაქის ეკონომიკური ინტერესები.
ჩემი ინიციატივით, ვისაუბრეთ ენგურზე გადასასვლელის დახურვაზე. აღვნიშნე, რომ ეს ყოვლად მიუღებელია და გავაცანი განცხადებების შინაარსი, რომელიც დღეს გაკეთდა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.