სექტემბრიდან სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის სრულმასშტაბიანი რესტავრაცია დაიწყება
მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სექტემბრის თვიდან საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული სარეაბილიტაციო პროექტის საფუძველზე, სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას დაიწყებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სარესტავრაციო პროცესი ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის სამუზეუმო კომპლექსში შემავალი სამი შენობის – ისტორიული მუზეუმის შენობის, ალ. ყაზბეგის სახლ-მუზეუმის, ნიკოლოზ ყაზბეგის (ალ. ყაზბეგის ბიძა) სახლის აღდგენასა და მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობას მოიცავს. სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 21 ივნისს უკვე გამოცხადდა ტენდერი, რომელიც 22 ივლისს დასრულდება.
ამ ეტაპზე კომპლექსის საპროექტო დოკუმენტაციაში ყველა ის კორექტირებული სარესტავრაციო მოთხოვნაა გათვალისწინებული, რომელიც რეგიონალური განვითარების პროექტის ფარგლებში 2017 წელს დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გამოვლენილმა ავთენტურმა ინტერიერმა განაპირობა. 2 წლის წინ სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმში ფიზიკური სამუშაოების მიმდინარეობისას ისტორიული ნაგებობის თავდაპირველი, არსებულისგან სრულიად განსხვავებული იერსახე გამოჩნდა. კედლის ნალესობისა და იატაკის ფენილის მოხსნის შედეგად ინტერიერში პირველადი სახის სართულშუა გადახურვის სტრუქტურის, კირით ნალესი კედლების, ტერასისა და აივნის ამაღლებული დონეების, ბუხრების, ნიშების, კედლებში გაჭრილი და აგურით ამოშენებული თაღებისა და ღუმელებად გადაკეთებული საბუხრე ღიობების გამოვლენამ მიმდინარე სამუშაოების შეჩერება და კვლევითი-საპროექტო სამუშაოს განახლება განაპირობა.
სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, 2 წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადდა სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციის კორექტირებული პროექტი, რაც სამომავლოდ სამუზეუმო კომპლექსისა და ფონდსაცავის შენობების ავთენტური იერსახით თანამედროვე მოწყობას, გათბობა-ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებით აღჭურვას და ვიზიტორთა ცენტრის ამოქმედებას ითვალისწინებს. სახანძრო უსაფრთხოების, ვიდეომეთვალყურეობისა და დაცვის სისტემებტან ერთად პროექტი შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობასაც მოიცავს. სარეაბილიტაციო პროცესის დასრულების შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის ძეგლი თანამედრვე სამუზეუმო მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში იქნება მოყვანილი. პროექტის განხორციელება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის, რაც თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუყობს ხელს.