„ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე იქ, სადაც იყო, არ უნდა ყოფილიყო“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მინისტრის შეფასებით, პარლამენტში განვითარებული მოვლენების გამო, უმჯობესი იყო, ქვეყანაში რიგით მეორე პირს თანამდებობა უფრო ადრე დაეტოვებინა.
„ჩვენ ამ ქვეყანაში გვინახავს, სამჯერ და ოთხჯერ მომხდარა სახელმწიფოზე თავდასხმა, ომები და გადატრიალებების მცდელობები ან შეუსრულებელი გადატრიალებები. მე ვსვამ კითხვას – ამან რა მოუტანა ჩვენს ქვეყანას. კარგი არაფერი. აქაც რბილად ვამბობ, შესაბამისად, ვზომავ ყველა სიტყვას. მოგცემთ მე ამით მაგალითს. ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე იქ, სადაც იყო, არ უნდა ყოფილიყო, ვამბობ ძალიან რბილად. ამისთვის პასუხისმგებლობა აიღო ქვეყანაში რიგით მეორე პირმა, გადადგა. ჯობდა, უფრო ადრე მომხდარიყო ეს, მაგრამ გადადგა. გავა დრო და უფრო მწვავე სიტყვებს ვიტყვით. არ არის კარგი შეჯიბრი, ვინ უფრო მწვავე სიტყვებს ვილაპარაკებთ დღეს ქვეყნისთვის. შესაბამისმა პირმა გამოიჩინა პასუხისმგებლობა. ასეთი რამ ჩვენ ადრე არ გვახსოვს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოვიჩინეთ ეს მრავალჯერ. ერთხელ გვახსოვს, ბატონი შოთაძე გადადგა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.