“არ ჩაერიო არჩევნებში” – დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი იაპონიაში ერთმანეთს შეხვდნენ

ოსაკაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.
მოლაპარაკების წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას და პრეზიდენტ პუტინს დისკუსია ისეთ საინტერესო თემებზე ექნებათ, როგორიც არის ვაჭრობა, განიარაღება და პროტექციონიზმი. პუტინმა, თავის მხრივ კი აღნიშნა, რომ “არის თემები, რაზეც საუბარი შეიძლება”.
ტრამპისა და პუტინის დისკუსიის მთავარი თემები ვაჭრობა, განიარაღება და პროტექციონიზმი იყო. ამასთან ორივე ქვეყნის პირველმა პირებმა ირანში, სირიაში, ვენესუელასა და უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს.
მხარეების მოლაპარაკება ერთ საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. შეხვედრას ამერიკისა და რუსეთის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დაწყებისას ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს მიმართა და ჰკითხა, აპირებდა თუ არა ის თავისი რუსი კოლეგისთვის ეთხოვა, რომ 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში არ ჩარეულიყო. ტრამპი კი პუტინს გაეხუმრა და რეპორტიორის სიტყვები გაუმეორა – “არ ჩაერიო არჩევნებში”.
ცნობისთვის, ეს ტრამპისა და პუტინის მეორე სრულფორმატიანი შეხვედრაა, აქამდე ისინი თითქმის ორი წლის წინ ჰელსინკში გამართულ სამიტზე შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები