ჩერნობილის ტრაგედიის 33 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ნატა ზვიადაძის გამოფენა გაიხსნება
3 ივლისს, 19:00 საათზე, ფაბრიკაში, გამოფენა «#CHERNOBYL» გაიხსნება, რომელიც ჩერნობილის ტრაგედიის 33 წლის იუბილეს ეძღვნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მასალა გადაღებულია ხუთდღიანი ექსპედიციის ფარგლებში „ჩერნობილის განდგომილების ზონაში” , 2019 წლის თებერვალში. წარმოდგენილი მხატვრული სერია უკვე იყო გამოფენილი 2019 წლის 26 აპრილს ქალაქ კიევში და ოქროს მედალი დაიმსახურა საერთაშორისო კონკურსში ,,ბავშვთა პლანეტა“.
ავტორი, ნატა ზვიადაძე EFIAP – უკრაინის ფოტოგრაფთა კავშირისა და საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის სამხატვრო საბჭოს წევრია.
ძირითადი მიმართულებები ფოტოგრაფიაში – არტი (ART) , ,,სინათლის ფუნჯი“, სტრიტი და ყვავილების ნატურმორტი.
ნატა ზვიადაძისთვის ფოტოგრაფიისადმი გატაცება ეტაპობრივად გადაიზარდა ჰობიდან მისი ცხოვრების ყოველდღიურ წესამდე. გამონათქვამი კი – ,,ყველაფერი, რაც არ მოხვედრილა ჩემი კამერის ობიექტივში – არ არსებობს!“ მისი ცხოვრების კრედოდ იქცა. მისი ფოტოები, გასცდა უბრალოდ დაჭერილი კადრის ჩარჩოებს და ბევრი მათგანი, მხატვრული თვალსაზრისით, უფრო მეტად ნახატებსა და გრავირებას დაემსგავსა. მისი შემოქმედების ძირითად კრიტერიუმად კი ემოციებისა და გრძნობების ფოტოების საშუალებით გადმოცემა იქცა.
ნატა ზვიადაძე ორმოცდაათი საერთაშორისო ფოტო კონკურსის ლაურეატია. პარიზი, ტრიესტე (იტალია), კიევი, როვნო, ბაქო, თბილისი, ეს იმ ქალაქების არასრული ჩამონათვალია, სადაც მისი ფოტოები იყო გამოფენილი. გარდა ამისა, არაერთხელ იყო მიწვეული ჟიურის წევრად სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე.
წარდგენილი ნამუშევრებიდან ზოგიერთი გასაყიდად იქნება გამოტანილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე შეგიძლიათ მიმართოთ ავტორს გამოფენის პერიოდში 3-5 ივლისის ჩათვლით 19:00 დან 22:00 საათამდე ან მიწეროთ ელექტრონულ მისამართზე: zviadadzenata@gmail.com
გამოფენის დასწრება უფასოა.
მის. ფაბრიკა, ეგნატე ნინოშვილის ქ. 8.