შვეიცარიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ გალში პრევენციის მექანიზმი ამოქმედდება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს დიდიე ბუკჰალტერს პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გაგრძელდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უპირველესად, მხარეებმა ყურადღება ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე გაამახვილეს. დიდიე ბუკჰალტერმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქვეყნის პირველ პირს ცხინვალის რეგიონში კერძოდ, ერგნეთში, ე.წ. გამყოფი ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ, სადაც დღეს დილიდან იმყოფებოდა. შვეიცარიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მსგავსი მექანიზმი გალშიც ამოქმედდება.
როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, საჭიროა ამ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანებმა ერთმანეთთან კონტაქტი შეინაჩუნონ და ასე დაადგნენ კონფლიქტის დაძლევისა და შერიგების გზას. შვეიცარიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელი და ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, საქართველოში აღდგეს ეუთოს წარმომადგენლობა. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა დიდიე ბუკჰალტერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ამჟამად არსებული მძიმე ვითარება გააცნო და ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებების და უკანონო დაკავებების ფაქტების შესახებ.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა შვეიცარიის, როგორც მედიატორის როლი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხში. მხარეებმა ასევე ორი ქვეყნის თანამშრომლობის დეტალები განიხილეს და განაცხადეს, რომ ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური, ისე კულტურული მიმართულებით. მათ ყურადღება იმ ურთიერთობაზეც გაამახვილეს, რომელიც საქართველოსა და შვეიცარიას შორის რეგიონების დონეზე ვითარდება. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი. ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ივანე მაჭავარიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე პარლამენტის უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია და შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი.