მაია ფანჯიკიძე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს აჰმეთ უზუმჯუს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღინიშნა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მნიშვნელობა და მისი როლი განიარაღებისა და გაუვრცელებლობის სფეროში.
მაია ფანჯიკიძემ ქიაო-ს გენერალურ დირექტორს გააცნო უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მიერ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და ექსპორტის კონტროლის კანონმდებლობის გაუმჯობესების თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ასევე, მიულოცა ორგანიზაციას 2013 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღება.