დავით მაჭავარიანის გამოფენა და გრაფიკული რომანის – „ვეფხისტყაოსნის“ წარდგენა გაიმართება

10 ივლისს, 19:00 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი დავით მაჭავარიანის და „სულაკაურის გამომცემლობის“ ერთობლივ საეტაპო პროექტს – „ვეფხისტყაოსანს“ უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მუზეუმის დროებითი გამოფენების დარბაზში გაიხსნება არტისტის სოლო გამოფენა და გაიმართება გრაფიკული რომანის პრეზენტაცია, რომელსაც დავით მაჭავარიანი 3 წლის განმავლობაში ქმნიდა. მსურველს ექნება საშუალება, შეიძინოს წიგნის პირველი, ლიმიტირებული გამოცემა.
გრაფიკული რომანის 222-გვერდიანი ესკიზების გარდა, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება დავით მაჭავარიანის ყველა ის ნამუშევარი, რომელსაც ის 10 წლის განმავლობაში „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე ქმნიდა. მათ შორის კლასიკური გამოცემის ილუსტრაციები. 2014 წელს „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით დავით მაჭავარიანმა შექმნა სამკაულების კოლექცია „ზარაფხანისთვის“, რომელიც ასევე გამოფენილი იქნება ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის სივრცეში.
გრაფიკული რომანით „ვეფხისტყაოსანი“ „სულაკაურის გამომცემლობა“ საკუთარ 20 წლის იუბილეს აღნიშნავს, დავით მაჭავარიანი კი „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე 10-წლიანი მუშაობის პროცესს ასრულებს.
გრაფიკული რომანი „ვეფხისტყაოსანი“ ის წიგნია, რომელიც მსოფლიო ლიტერატურული რენესანსის შედევრს ახალ სიცოცხლეს შესძენს და რუსთაველის პოემას მე-12 საუკუნიდან 21-საუკუნის თანამედროვე სამყაროში გააცოცხლებს.
ხელოვანმა პოემის თითოეული ეპიზოდისა და ლეგენდარული პერსონაჟების უნიკალური, სრულიად ახალი და განსხვავებული სახეები შექმნა. გრაფიკული რომანისთვის ტექსტის ადაპატციაზე პრემია „საბას“ ლაურეატმა მწერალმა, სალომე ბენიძემ იმუშავა.
დავით მაჭავარიანი დაიბადა 1976 წლის 21 დეკემბერს, ქალაქ თბილისში. ბავშვობიდან სწავლობდა სხვადასხვა სამხატვრო სტუდიაში. 1993 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში – კერამიკის ფაკულტეტზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ გადავიდა მულტიპლიკაციის ფაკულტეტზე და სწავლა იქ განაგრძო.
აკადემიის დასრულებისთანავე გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ითანამშრომლა Cinetic Theatre-თან. პარალელურად, ფილადელფიაში გაიცნო DC Comics-ის რედაქტორი – დენ რასპლერი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მხატვრის შემდგომი შემოქმედებითი გზის ჩამოყალიბებაზე.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დავით მაჭავარიანი მუშაობდა სხვადასხვა ჟანრში: ილუსტრაციები, კომიქსები, სპექტაკლები, კინო, ვიდეოთამაშები და სხვა.

დავით მაჭავარიანის გამოფენები:
2014 სერვანტესის სახლ-მუზეუმის პერმანენტული გამოფენის მონაწილე;
2013 „არტ ისტერიუმი“, ჯგუფური გამოფენა;
2013 ჯგუფური გამოფენა ავსტრიაში;
2011 „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების პერსონალური გამოფენა;
2011 „არტ ისტერიუმი“, ჯგუფური გამოფენა;
2009 გალერეა “არსი”, ჯგუფური გამოფენა;
2004 პერსონალური გამოფენა, თბილისი;
2003 დამოუკიდებელი გამოფენა – ამერიკის შეერთებული შტატები;
2003 ჯგუფური გამოფენა – ამერიკის შეერთებული შტატები.

გამოფენა 7 ივლისამდე გაგრძელდება.

მისამართი: რუსთაველის გამზირი #7.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები