მამუკა მდინარაძე პროპორციულ სისტემაზე: ხელისუფლება მოუსმენს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც პროტესტს გულწრფელად გამოხატავს

„ჩვენი ხელისუფლება მოუსმენს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც გულწრფელად გამოხატავს პროტესტს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მდინარაძე მიიჩნევს, რომ დესტრუქციული ძალები გულწრფელი პროტესტის გამოყენებას ცდილობენ.

„აქციაზე დგანან და იდგნენ შეიძლება, 99 პროცენტიც გულწრფელი ადამიანებისა. ხალხი იმ სურათს აპროტესტებდა, რომელიც ჩვენვე გავაპროტესტეთ. პირველები ჩვენ ვიყავით, რომლებიც აღგვაშფოთა ფაქტმა, რომელიც პარლამენტში ვიხილეთ, იმ სიმბოლურმა ცუდმა ფაქტმა. ამაზე რეაგირებაც მოვაყოლეთ. იმავე დღეს საქართველოში აღარ იყვნენ რუსი დეპუტატები. მეორე მხარეა პოლიტიკური მოთხოვნები და მეორე მხარეა ის, რომ ამ გულწრფელი პროტესტის დროს დესტრუქციული ძალები ცდილობენ, გამოიყენონ სათავისოდ პროტესტი, მოასხდნენ ამ ნარატივს და საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაატარონ. ეს არის რეალობა. ამ რეალობის მიუხედავად, ჩვენი ხელისუფლება მოუსმენს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც გულწრფელად გამოხატავს პროტესტს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია უკვე მეოთხე დღეა რაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია, ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, 20-21 ივნისს დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები