სერგი კაპანაძე: არ მგონია, პუტინის გადაწყვეტილება რუსეთიდან მომავალ ტურისტებზე 100%-ით აისახოს, არსებობს სხვა გზები

„არ მგონია, პუტინის გადაწყვეტილება რუსეთიდან მომავალ ტურისტებზე 100%-ით აისახოს, იმიტომ, რომ არსებობს სხვა გზები, როგორ მოხვდნენ ისინი საქართველოში“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც 8 ივლისიდან საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

სერგი კაპანაძის ვარაუდით, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოს ეკონომიკაზე მკვეთრი გრძელვადიანი ნეგატიური ეფექტი არ ექნება.

„ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ეკონომიკაზე რაღაც უარყოფითი ეფექტი ექნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მცირევადიანი. საქართველოს გაცილებით რთული პერიოდი გამოუვლია, როდესაც რუსეთის მხრიდან გვინახავს ტოტალური ემბარგო და ამან არათუ გაანადგურა საქართველოს ეკონომიკა, არამედ გააძლიერა საშუალოვადიან პერსპექტივაში. ამიტომ მე არ ვვარაუდობ, რომ რაიმე გრძელვადიანი უარყოფითი შედეგი მოჰყვება ამას, მაგრამ ამაზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი უნდა იყოს ძალიან მარტივი. პირველ რიგში, უნდა იყოს ჩვენი ინტერესების დაცვის მტკიცე გაგრძელება და ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიცირება. ამას ვუკიჟინებთ ხელისუფლებას ბოლო 7 წელია, რომ არ უნდა მიაბას ქართული ეკონომიკა რუსულს, არც ვაჭრობის, არც ტურიზმის და არც სხვა მიმართულებების მხრივ.

გარდა ამისა, არ მგონია, პუტინის გადაწყვეტილება რუსეთიდან მომავალ ტურისტებზე 100%-ით აისახოს, იმიტომ, რომ არსებობს სხვა გზები, როგორ მოხვდნენ ისინი საქართველოში. მაგალითად, სხვა ქვეყნის გავლით. აქედან გამომდინარე, არ ვვარაუდობ, რომ მყისიერი ან საშუალოვადიანი ძალიან ნეგატიური ეფექტი ექნება ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისათვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მთავრობას დაავალა, მიიღოს ზომები საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ პუტინის ბრძანებაშია ნათქვამი, რომელიც კრემლის საიტზე გამოქვეყნდა. ამავე ბრძანების თანახმად, საქართველოსთან ავიაგადაზიდვები 8 ივლისიდან დროებით იკრძალება. ბრძანების მიზანს, როგორც ამბობენ, რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები