არჩილ თალაკვაძე – წინა დღეებში ვნახეთ, რომ გახარიაზე იყო დაგეგმილი ორკესტრირებული შეტევა, რადგან ის ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა

წინა დღეებში ვნახეთ, რომ მინისტრ გახარიაზე იყო დაგეგმილი, ორკესტრირებული შეტევა, რადგან ის ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
„მშვიდობიანი მანიფესტაციის მთავარი პრეტენზია აღარ არის ის ინციდენტი, რაც გუშინ, დღის ბოლომდე ამოიწურა და დღეს უკვე არის მოთხოვნები, რაც ოპოზიციას ადრეც ჰქონდა. განსაკუთრებით, „ნაციონალურ მოძრაობას“. წინა დღეებში ვნახეთ, რომ მინისტრ გახარიაზე იყო დაგეგმილი, ორკესტრირებული შეტევა, რადგან ის ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა. მან ამ ოპოზიციას პარლამენტშიც არაერთხელ აჩვენა, რომ ძლიერი ოპონენტია და ის მათთვის თავის ტკივილი იყო პლენარულ სესიებზეც, სადაც მათ ბატონ გახარიასთან ვერანაირი პოლიტიკური დებატი ვერ მოიგეს. ამიტომ, ის ოპოზიციისთვის სამიზნე ჯერ კიდევ მანამდე იყო და დღეს ვხედავთ, რომ აქციის დღის წესრიგში ოპოზიციის განსაკუთრებით ამ ნაწილს ისევ ეს საკითხი აქვს შემოტანილი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება ოპოზიციისა და აქციის მონაწილეთა მოთხოვნის განხილვას, რომ შს მინისტრი გადადგეს, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა საპოლიციო მოქმედებებს არ ჰქონდა, შესაბამისად, შს მინისტრის პასუხისმგებლობა აქ არის ლეგიტიმაცია და ეს ლეგიტიმაცია იყო.
„ყველა ობიექტური დამკვირვებელი შეთანხმებულია იმაზე, რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის გამოყენება და საპოლიციო მოქმედებები მანიფესტაციის დროს, როცა დაცული უნდა ყოფილიყო პარლამენტი და საზოგადოებრივი უსაფრთხოება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, პოლიტიკური თანამდებობის პირის, ვიცე პრემიერის გადადგომის მოთხოვნა პოლიტიკური მოთხოვნა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია მომხდარ ინციდენტზე და მასთან დაკავშირებულ მოვლენებზე, ამაზე კი, მმართველმა გუნდმა უკვე აჩვენა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
მისი თქმით, რაც შეეხება შესაძლო გადაცდომებს და დაზიანებებს, რაც მოქალაქეებმა მიიღეს, შს მინისტრის და გუნდის პოზიცია არის ის, რომ არის მზადყოფნა, თითოეულ შემთხვევაზე ადეკვატური შეფასებები მოხდეს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ პროპორციული არჩევნების საკითხის ინიცირება ოპოზიციამ პარლამენტში მოახდინა, რაზეც მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა იქამდე, ვიდრე მანიფესტაციები დაიწყებოდა.
„ჩვენ ვთქვით, რომ პარლამენტში ამ ინიციატივის განხილვა სათანადოდ, რეგლამენტის თანახმად და კანონის დაცვით მოხდება. ამასთან დაკავშირებით ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე მივიღებთ, ვინაიდან პარლამენტში ვალდებულება გვაქვს, ეს ინიციატივა განვიხილოთ. ამაზე პოზიცია ჩვენ აქამდეც გვქონდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები