„დაიცავი შენი წილი სამშობლო“: პროტესტი ოპოზიციის ლიდერების მოწოდებით უმართავ პროცესებში გადაიზარდა

საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლო“ გუშინ, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„შემაძრწუნებელი იყო საქართველოსთვის გუშინდელი ღამე. ჩვენი ერის ჯანსაღმა ნაწილმა, ახალგაზრდებმა სრულიად ლეგიტიმური პროტესტი გამოხატეს, რაც ოპოზიციის ლიდერების მოწოდებით უმართავ პროცესებში გადაიზარდა.

ველოდებოდით, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგებოდა, დეპუტატი ქუცნაშვილი მანდატს დატოვებდა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მთელი საორგანიზაციო კომიტეტი საკუთარ წილ პასუხისმგებლობას იკისრებდა; დატოვებდნენ დაკავებულ თანამდებობსა თუ პოზიციებს.

ამის ნაცვლად, ვიხილეთ დასისხლიანებული აქციის მონაწილეები და, ასევე, დასახიჩრებული პოლიციელები, რომლებიც პარლამენტის შენობას იცავდნენ. ამ დროს, ორგანიზატორთა ნაწილი მომიტინგეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდა.

შედეგად, შემზარავი სანახაობა იყო, ერთი მხრივ, დასისხლიანებული მოქალაქეები და, მეორე მხრივ, დასახიჩრებული პოლიცილელები. როდესაც პროცესი უმართავი გახდა, სახელმწიფომ გამოიყენა სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელსაც ჩვენი აზრით მომიტინგეების წინააღმდეგ (ემოციების მიუხედავად) რეზინის ტყვიები არ უნდა გამოეყენებინა.

ამ გართულებულ და საბედისწერო ვითარებაში აღარსად ჩანდნენ ოპოზიციის ლიდერები. ასევე, ვერაფრით მოვისმინეთ ბატონი კობახიძის მხრიდან სპიკერობიდან გადადგომის განცხადება. ამ სრულიად ლეგიტიმური, მშვიდობიანი აქციის (რომელიც რამდენიმე საათს გრძელდებოდა) კულმინაცია უკვე გვიან ღამით იყო, როდესაც ერთმანეთზე ნადირობა მიმდინარეობდა.

ხოლო ოპოზიციის ლიდერები მაშინ გამოჩნდებოდნენ, როცა ემოციები შედარებით მინავლდებოდა და სიტუაცია განმუხტვისკენ მიდიოდა.

სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს სავალალო შედეგები, რამდენიმე მომიტინგის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ეს კატასტროფა თავიდან უნდა აგვეცილებინა.

გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა:

  1. გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან პარლამენტის სპიკერი კობახიძე;
  2. დატოვონ მანდატი ქუცნაშვილმა და სხვა დეპუტატებმა, რომლებიც „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის“ საორგანიზაციო კომიტეტში იყვნენ წარმოდგენილი;
  3. პასუხი აგონ იმ ოპოზიციის ლიდერებმა, რომლებმაც სრულიად გააზრებული და ყველასთვის მისაღები მოთხოვნებით შეკრებული მიტინგი უმართავ მდგომარეობაში გადაიყვანეს, რაც პარლამენტში შეღწევას გულისხმობდა;
  4. ხელისუფლებამ გამოიძიოს სამართალდამცველთა თითოეული მოქმედების ლეგიტიმურობა და უფლება-მოვალეობის შესაძლო გადამეტებისთვის ცალკეული სპეცრაზმელი პასუხისგებაში მისცეს;
  5. პასუხისგებაში მიეცეს ცალკეული სპეცრაზმელი, რომელიც მომიტინგეებს რეზინის ტყვიებს დამიზნებით თავში ესროდა.

ოპოზიციის ლიდერებს ახალგაზრდები უნდა დაემშვიდებინათ, რომ პროცესებს უმართავი ფორმა არ მისცემოდა. ასევე, ხელისუფლების წარმომადგელები ახალგაზრდებთან უნდა გამოსულიყვნენ და მოლაპარაკების გზით დროული გადაწყვეტილებები მიეღოთ.

რაც მთავარია, ქვეყანაში განვითარებულ ყველა დადებით თუ უარყოფით მოვლენაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს, რადგან ასე ხდება ყველა ნორმალურ სახელმწიფოში“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები