ვლადიმერ ბორცვაძე: სამართალდამცავებმა, აქციაზე ძალადობრივი წინააღმდეგობის გასანეიტრალებლად, ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენეს

„სამართალდამცავებმა, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე ძალადობრივი წინააღმდეგობის გასანეიტრალებლად, ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენეს“, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრის თავიდან აცილების, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის, აქციის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნების, პოლიციელებზე თავდასხმის მოგერიებისა და მართლწესრიგის ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად, პოლიცია იძულებული გახდა, გამოეყენებინა ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ პარლამენტის წინ გაიმართა აქცია. თავდაპირველად აღნიშნული აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს.
მოგვიანებით აქციის მონაწილეთა ნაწილი ძალადობის გამოყენებითა და პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმით შეეცადა პარლამენტის შენობის შტურმით აღებას.
შესაბამისად, აქცია გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო აშკარად ძალადობრივი ხასიათი.
მიუხედავად სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტის შენობის შტურმით აღებისა და შენობაში შეჭრის მცდელობას, სხვადასხვა საშუალების – ხელკეტების, რკინის კონსტრუქციების, ქვების, ბლაგვი საგნების გამოყენებით, ფიზიკურად ჯგუფურად უსწორდებოდნენ პოლიციელებს, უწევდნენ წინააღმდეგობას და არ ემორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, ახდენდნენ პოლიციელთა განიარაღებას და ართმევდნენ მათ შესაბამის აღჭურვილობას.
აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლწესრიგის მასობრივ დარღვევას, რაც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
პარლამენტის შენობაში შეჭრის თავიდან აცილების, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის, აქციის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნების, პოლიციელებზე თავდასხმის მოგერიებისა და მართლწესრიგის ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად, პოლიცია იძულებული გახდა, გამოეყენებინა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები – ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი. ამასთან, აღნიშნული საშუალებების გამოყენება განხორციელდა თანმიმდევრულად, მომდინარე საფრთხეების პროპორციულად.
სამართალდამცავებმა, ძალადობრივი წინააღმდეგობის გასანეიტრალებლად, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
მას შემდეგ, რაც აღნიშნული საშუალებით წინააღმდეგობის დაძლევა და მართლწესრიგის ჯგუფური დარღვევის აღკვეთა გახდა შეუძლებელი, პოლიცია იძულებული გახდა, გამოეყენებინა სხვა სპეციალური საშუალებები – არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი.
აქციის მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღეს როგორც აქციის მონაწილეებმა, ისე – სამართალდამცავებმა. განადგურდა საპოლიციო ტექნიკაც.
დაზარალებულების ნაწილი მკურნალობას აგრძელებს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.
მიუხედავად გამოყენებული საშუალებებისა, აქციის მონაწილეთა აგრესიული ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდა სამართალდარღვევას. მათ გამთენიისას გაანადგურეს პოლიციისა და მოქალაქეთა ავტომანქანები და დაარბიეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კერძო საკუთრების ობიექტები“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები