შსს: სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე
“სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის მიერ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.
“მიუხედავად გამოყენებული საშუალებებისა, აქციის მონაწილეთა აგრესიული ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდა სამართალდარღვევას. მათ გამთენიისას გაანადგურეს პოლიციისა და მოქალაქეთა ავტომანქანები და დაარბიეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კერძო საკუთრების ობიექტები. სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. გამოძიება შეისწავლის თითოეულ ძალადობრივ ინციდენტს. ასევე, სამართლებრივი შეფასება მიეცემა იმ პირთა ქმედებას, რომელთა ორგანიზებითა და აქტიური მონაწილეობით მშვიდობიანი აქცია ძალადობრივად გარდაიქმნა.
ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა რაიმე კონკრეტულ ფაქტებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ყველაფერს შეისწავლის”, -განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.