გია აბაშიძე: პასუხისმგებლობა უნდა აიღონ როგორც „ქართულ ოცნებაში“, ასევე – პოლიტიკანებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“

“პასუხი ყველამ უნდა აგოს. ასეთ თვითდაზიანებამდე, თვითხანძრამდე არ უნდა მიიყვანო სიტუაცია და ასეთ პოლიტიკურ სიტუაციებში ერთგვარი მეხანძრე  შს მინისტრი, გიორგი გახარია არ უნდა იყოს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გია აბაშიძე გუშინ მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა.
„ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს სიმბოლოებზე საკმაოდ მკვეთრი რეაქცია. სიმბოლურია ის საპარლამენტო დარბაზი, სადაც დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოცხადდა და სამარცხვინოდ სიმბოლური იყო, როდესაც დილა გათენდა ისე, რომ ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტარი ზის სპიკერატში, როგორც შემდგომში თავად გამოაცხადა, არ ვიცი დაეჯერება, თუ არა, ის ქართულმა მხარემ მიიწვია. არაერთხელ ითქვა, რა საჭირო იყო ამ ყველაფრის პარლამენტში, თუნდაც თბილისში მოწყობა? ამ ფორუმისა, როცა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები უნდა დაესწრონ ამას. ხომ შეიძლებოდა ამის გაკეთება კახეთში, აჭარაში, ან თუნდაც სხვაგან, ქალაქგარეთ, თუნდაც თბილისში, რომელიმე სხვა საჯარო სივრცეში. ის, რომ ხალხმა აჩვენა,  ჩვენი ეროვნული სიმბოლოს შებღალვით მხოლოდ პროტოკოლური შეცდომა, კოლექტიური გავრილოვების დაგმობა და ბოდიშების მოხდა არ არის საკმარისი, ამას ვხედავთ ჩვენ. უმწვავესი იყო სამოქალაქო პროტესტი, აუცილებელიც კი. მაგრამ  მეორე ნაწილი იყო დესტრუქციული შევარდნის მცდელობები პარლამენტში. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს როგორც დესტრუქციულმა პოლიტიკანებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ასევე – „ქართულ ოცნებაში“, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება და როგორ იქნება, ვინც მიიყვანა საქმე აქამდე. პასუხი ყველამ უნდა აგოს. ასეთ თვითდაზიანებამდე, თვითხანძრამდე არ უნდა მიიყვანო სიტუაცია და არ უნდა იყოს ასეთ პოლიტიკურ სიტუაციებში ერთგვარ მეხანძრედ შს მინისტრი, გიორგი გახარია. ასე არ შეიძლება, პოლიტიკური გუნდები იღებენ ხოლმე პასუხისმგებლობას იმ კრიზისულ ვითარებაზე, რომელიც ხდება ქვეყანაში”, – განაცხადა აბაშიძემ.
პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით, 22:00 საათზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეების დასაშლელად სპეცრაზმი გამოიყვანეს. მათ აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.
აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები