გია აბაშიძე: არცერთი დასახიჩრებული, თვალამოგდებული ადამიანი ღირს არცერთ თანამდებობად, არცერთ სკამად

“არცერთი დასახიჩრებული, თვალამოგდებული ადამიანი   ღირს არცერთ თანამდებობად, არცერთ სკამად  არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გია აბაშიძე გუშინ მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, დიდი მოლოდინია, რომ ხელისუფლება ადეკვატურად მოიქცევა და პასუხს აგებინებს თავიანთ რიგებში მათ, ვინც სიტუაცია უკიდურეს გამწვავებამდე მიიყვანა, ასევე, იმ დესტრუქციულ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ადამიანები ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე წააქეზეს.
„სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ღამე გადაიტანა საქართველომ და ჩვენმა თანამემამულეებმა. რამ მიგვიყვანა აქამდე, რატომ გაღიზიანდა ასე ხალხი – აქ არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. აქ არ არის მხოლოდ ის, რომ დააბრალო ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს. ყველამ უნდა აგოს თავისი წილი პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რატომ მივიდა ვითარება აქამდე; რატომ მოხდა ის, რომ პარლამენტის შენობაში აღმოჩნდა ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტარი; რატომ არ დაისაჯა სათანადოდ ის, ვინც ეს დააორგანიზა. დესტრუქციული ოპოზიციური ძალა, ვიცით, რომ არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მათ წააქეზეს ეს ანტიკონსტიტუციური ქმედებები, როდესაც პოლიციელებზე იყო თავდასხმა, აღჭურვილობის წართმევა, შემდეგ კი, ბატონო, იყო გაფრთხილება, დაიშალეთ – თორემ გამოვიყენებთ ძალას; შემდეგ უკვე დასახიჩრებული ადამიანები. არცერთი დასახიჩრებული, თვალამოგდებული ადამიანი   ღირს არცერთ თანამდებობად, არცერთ სკამად  არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში. ეს უნდა გაიგონ ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტებმა. ახლა არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, მაგრამ არის საზოგადოების დიდი მოლოდინი, რომ ადეკვატურად მოიქცევა ხელისუფლება და პასუხს აგებინებს როგორც თავიანთ რიგებში მათ, ვინც მიიყვანა სიტუაცია ასეთ უკიდურეს გამწვავებამდე, ასევე, იმ დესტრუქციულ პოლიტიკოსებს, მე ვუწოდებდი “პოლიტიკანებს”, რომლებმაც ადამიანები წააქეზეს ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე და შემდეგ იქ არავის უნახავს, ახლა რაღაცებს გვატყუებენ, შუაში ვიდექოთო.
ამ ყველაფერში კონსტრუქციული ოპოზიცია საერთოდ იკარგება. ეს კატეგორიულად მიუღებელია.
საღად მოაზროვნე ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვეულებრივი, სამოქალაქო პროტესტი აბსოლუტურად მისაღებია და უნდა გავაპროტესტოთ ის, რაც გასაპროტესტებელია. მეორე მხარეს არის დესტრუქცია და ანტიკონსტიტუციური ქმედებები. ეს სრულიად მიუღებელია, ეს პარიზში იქნება, ლონდონში, თუ საქართველოში“, – განაცხადა აბაშიძემ.
პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით, 22:00 საათზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეების დასაშლელად სპეცრაზმი გამოიყვანეს. მათ აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.
აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები