„ჰიუმან რაითს ვოტჩი“ თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია – „ჰიუმან რაითს ვოტჩი“ თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„სპეცრაზმმა თბილისში საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ გაფრთხილების გარეშე გამოიყენა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. ვინაიდან საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გრძელდება, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მისცეს მითითება პოლიციას, დაიცვას საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ძალის გამოყენების წესები. პოლიციისგან ეს წესები მოითხოვს, გამოიყენოს მხოლოდ მკაცრად პროპორციული ძალა საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან საფრთხის საპასუხოდ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართოს ისეთ ზომებს, როგორიც არის რეზინის ტყვიები“, – ნათქვამია „ჰიუმან რაითს ვოტჩის“ განცხადებაში.
ამასთან, ორგანიზაციას მოჰყავს ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანლის, გიორგი გოგიას განცხადება.
„სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს შეუძლიათ, მიმართონ ლეგიტიმურ ზომებს, რათა არ დაუშვან ხალხის მიერ პარლამენტის შტურმი, თუმცა ისინი ვალდებულები არიან, დაიცვან ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები ძალის გამოყენებისას, მათ შორის – რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებისას. მათ ეს არ გაუკეთებიათ პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტების საპასუხო ქმედებებში. თუ ეს მდგომარეობა განვითარდება, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ დაიცვას ეს სტანდარტები“, – ამბობს გიორგი გოგია.
როგორც „ჰიუმან რაითს ვოტჩის“ განცხადებაში აღნიშნული, დემონსტრანტებს შორის ზოგიერთი პოლიციას წყლის ბოთლებს ესროდა, თუმცა დემონსტრანტები, ძირითადად, იყვნენ არამოძალადეები.
„დაახლოებით შუაღამით, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებს გარეშე, პოლიციამ ხალხის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენება დაიწყო. ვიდეოკადრებსა და ფოტოებში ჩანს ხალხი, რომელსაც რეზინის ტყვიებით დაზიანებები აქვთ მიყენებული თავის არეში, ფეხებსა და ზურგში. ღამის პირველ საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ მიტინგი „გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს“ და „ძალადობად იქცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საპროტესტო აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტში შეჭრის მცდელობებსა“ და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას. სამართალდამცველები ვალდებულები არიან, პატივი სცენ შეკრების თავისუფლებას ისევე, როგორც ძალის გამოყენებისას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს, მათ შორის – ლეგალური და არალეგალური დემონსტრაციების დაშლის დროსაც“, – აღნიშნულია უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში.
„ჰიუმან რაითს ვოტჩის“ წარმომადგენლები განმარტავენ, რომ, სამართალდამცველების მიერ ძალის გამოყენების შესახებ გაერო-ს საბაზისო პრინციპების თანახმად, პოლიციამ ძალისა და იარაღის გამოყენებამდე უნდა მიმართოს არაძალადობრივ საშუალებებს, როგორიცაა ტერიტორიის გათავისუფლების მოთხოვნა.
„ძალის გამოყენების დროს სამართალდამცველებმა უნდა გამოიჩინონ თავშეკავებულობა, იმოქმედონ არსებული საფრთხის პროპორციულად და ეცადონ მინიმუმამდე დაიყვანონ ზარალი და ზიანი“, – ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები