პორტუგალიის რესპუბლიკის საპატიო კონსული კახა შარაბიძე გახდა
საქართველოში პურტუგალიის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო, დღეს, პორტუგალიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო მიღებას გამართავს. ორგანიზატორების ინფორმაციით, საზეიმო მიღება თბილისში გაიმართება და მას უმასპინძლებს პორტუგალიის რესპუბლიკის საპატიო კონსული კახა შარაბიძე, რომელიც ახლახან დაინიშნა ამ თანამდებობაზე და რომლის ინაუგურაციასაც ეძღვნება ასევე დღევანდელი საზეიმო მიღება.
კახა შარაბიძე, ამავდროულად, არის იურიდიული ფირმა BLB-ის მმართველი პარტნიორი და მრავალი წლის განმავლობაში წარმატებულ იურიდიულ პრაქტიკას ეწევა. საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისში ვიზიტით იმყოფება პორტუგალიის ელჩი საქართველოსა და თურქეთში ჟორჟ კაბრალი, რომელიც შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წევრებთან. ელჩი და საპატიო კონსული დაესწრებიან ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პორტუგალიური ენის სკოლის გახსნის ღონისძიებას. საპატიო კონსულის ინაუგურაციისა და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება საქართველოსა და თურქეთში პორტუგალიის რესპუბლიკის ელჩის ჟორჟ კაბრალის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების წარმომადგენლებისა და საქართველოს მთავრობის წევრების მონაწილეობით. საქართველოში პორტუგალიის საპატიო კონსულის ოფისი იმუშავებს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად.