„ქართული ოცნება” ცესკოს მიმართავს
საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება” ცესკოს მიმართავს, გამოვიდეს იმ მოქმედი ნორმის შეცვლის ინიციატივით, რომელიც პარტიული სიის ნაწილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, საარჩევნო პროცესიდან მთელი სიის მოხსნას ითვალისწინებს. ამის შესახებ “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს.
“ბოლო პერიოდში ტელევიზიით ვრცელდება ხმები ასარჩევი პირების მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და ამ ზეწოლის შედეგად კანდიდატურების მოხსნის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მედიაში ეს თემა ინიცირებული იყო პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფების მიერ. ეს განცხადებები არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამყარებული არათუ ფაქტებით, არამედ თავად იმ ასარჩევი კანდიდატების კომენტარებითაც კი, ვიზეც მედიაში გასული ინფორმაციით ზეწოლას ჰქონდა ადგილი.
აღვნიშნავთ, რომ “ქართული ოცნების” ამომრჩევლის რაოდენობა ბევრად აღემატება ოპონენტთა საერთო ელექტორატს. ამასთან, ის წარმოადგენს მმართველ ძალას და გააზრებული აქვს, რომ მისი მხრიდან ოპონენტებზე ზეწოლის ნებისმიერი ფაქტი ისევ მას დააზარალებს. კოალიციის ამოცანა და პასუხისმგებლობა არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება და საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი სათანადო აღიარებაა. სწორედ ამის გამო, “ქართული ოცნება” მიმართავს ცესკოს, გამოვიდნენ იმ მოქმედი ნორმის შეცვლის ინიციატივით, რომელიც პარტიული სიის ნაწილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, საარჩევნო პროცესიდან მთელი სიის მოხსნას ითვალისწინებს. ეს ჩვენ მიერ გამოჩენილი კეთილი ნებაა, რათა ხელი შევუწყოთ სხვა პარტიებს, თვითმმართველობის არჩევნებზე თავი შეძლებისდაგვარად სრულფასოვნად წარმოაჩინონ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
“ქართული ოცნება” იმედოვნებს, რომ სათანადო უწყებები მედიით გავრცელებულ ყველა ინფორმაციას შეისწავლიან და შეაფასებენ, ხოლო ამ ინიციატივასთან ერთად საბოლოოდ დასრულდება საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ უსაფუძვლო მითქმა-მოთქმა.
საარჩევნო ბლოკი “ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ არჩევნები მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარდება და იგი დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.