დედოფლისწყაროში ივანე წიკლაურის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება
22 ივნისს, 14 საათზე, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში გაიმართება ივანე წიკლაურის (მამუკათ ივანეს) დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება.
„ივანე წიკლაური (მისი ფსევდონიმებია: „ხახონი”, „კიბალაური”, „გაღმროშკიონი”) ის რჩეული შემოქმედია, ვინც დაწერა და დაგვიტოვა შედევრი „რამ დამაბერა” და ათეულობით შესანიშნავი ლექსი, რომელთა ძირი და საწყისი მარადცოცხალი ხევსურული სიტყვიერების წმინდა წიაღშია საძიებელი.
„ღთისგან მაქვ შამანათვალი ლექსების საუბარიო“ – ბრძანებდა და, მართლაც, უზენაეს ძალთა თანადგომის გარეშე მისი ღრმააზროვანი პოეზია ვერ შეიქმნებოდა…
ღონისძიებაში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი მელექსეები და სიმღერების ინდივიდუალური შემსრულებლები, ასევე სტუმრები დედაქალაქიდან – ცნობილი მწერლები, ჟურნალისტები და ფოლკლორისტები“, – წერს ამირან არაბული ფეისბუქის გვერდზე და ივანე წიკლაურთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
მთავარი ფოტო: ივანე წიკლაური და ამირან არაბული, 1981წ.