თბილისში ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი იწყება
22 და 23 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, აღდგენილი ბალეტების – ჰოლგერ სიმონ პაულის „კონსერვატორიის“ და ანდრე მესაჟეს „ორი მტრედის“ პრემიერა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წარმოდგენებსთბილისის მე-3 საბალეტო ფესტივალი მასპინძლობს.
„კონსერვატორია“ – ავგუსტ ბურნონვილის ქორეოგრაფია.
დამდგმელი ბალეტმაისტერები – ფრენკ ანდერსენი, ევა კლობორგი;
დამდგმელი დირიჟორი – ზაზა კალმახელიძე;
დირიჟორი – ირაკლი ჩოლოყაშვილი.
„ ორი მტრედი“ – ფრედერიკ ეშტონის ქორეოგრაფია.
დამდგმელი ბალეტმაისტერი – კრისტოფერ კარი;
დამდგმელი დირიჟორი – ზაზა კალმახელიძე;
დირიჟორი – პაპუნა ღვაბერიძე.
ფესტივალი 2017 წელს დაფუძნდა. საფესტივალო წარმოდგენები ოპერისა და ბალეტის თეატრში იმართება და მისი სამხატვრო ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან ერთად ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები. წელს ფესტივალის მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიოში სახელგანთქმული კორეული საბალეტო დასის პირველი გასტროლი საქართველოში.
ფესტივალის პროგრამა:
ფესტივალი 22 და 23 ივნისს პრემიერით გაიხსნება – ჰოლგერ სიმონ პაულის „კონსერვატორია“ და ანდრე მესაჟეს „ორი მტრედი“.
25-26 ივნისი – კორეული საბალეტო დასი K-Arts Dance Company, რომელიც საქართველოს პირველად ეწვევა .
27 ივნისი – ადოლფ ადანი „ჟიზელი“.
28 ივნისი – პიოტრ ჩაიკოვსკის ორმოქმედებიანი ბალეტი „გედების ტბა“. მთავარ პარტიები – ნინო სამადაშვილი და მოსკოვის დიდი თეატრის წამყვანი სოლისტი რუსლან სკვარცოვი.
თბილისის ბალეტის ფესტივალი 22 ივნისს გაიხსნება და 30 ივნისს საზეიმოდ დაიხურება. გრანდიოზულ გალა კონცერტში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასთან და სოლისტებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის მოწვეული ვარსკვლავები.
საფესტივალო სპექტაკლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც მოწვეული დირიჟორი ალივტინა იოფე (რუსეთი), ასევე პაპუნა ღვაბერიძე და ირაკლი ჩოლოყაშვილი უდირიჟორებენ.
თბილისის საბალეტო ფესტივალის მხარდამჭერები არიან: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოება, „მერიოტის“ სასტუმროების ქსელი, ტელეკომპანია „იმედი”, რადიო „იმედი“, რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი „ინდიგო“, კომპანია „ბორჯომი”, კომანია „ჯიმშერი”, რესტორანი „ტერა ვაინი”.