პირველად კაპადოკიაში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა
საქართველოს საელჩოსა და დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების (ICSU) ორგანიზებითა და საქართველოს 60-მდე მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, პირველად, კაპადოკიაში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა ახალგაზრდამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ქართული კულტურის დღეების დახურვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანეგბო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადეობას.
ელჩმა ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობას საქართველოს სტრატეგიულ და მეგობარ ქვეყანაში, რაც ხელს უწყობს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას. მან ასევე ისაუბრა ქართველი ახალგაზრდების როლზე ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობის საქმეში და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისათვის, ხოლო საქართველოს მუნიციპალიტეტებს კი – ღონისძიების მხარდაჭერისათვის.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს ელჩმა და ორგანიზატორებმა ქართული კულტურის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცეს.