ალიზის უძველესი ნაგებობების საკონსერვაციო მეთოდოლოგიას საერთაშორისო საზოგადოების ექსპერტებთან კონსულტაციებით შეიმუშავებენ
არქეოლოგიური გათხრებისას საქართველოში აღმოჩენილი ალიზის უძველესი ნაგებობების საკონსერვაციო მეთოდოლოგიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო საზოგადოება „კრატერის“ ექსპერტებთან კონსულტაციების გათვალისწინებით შეიმუშავებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საფრანგეთში დაფუძნებული ორგანიზაციის სპეციალისტები, რომელთაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიწის არქიტექტურისა და არქეოლოგიური ალიზის კონსერვაციის მიმართულებით უდიდესი გამოცდილება და პროფესიული ცოდნა გააჩნიათ, ალიზის ნაგებობების ადგილზე გასაცნობად და მათი სტრუქტურული გამაგრების სათანადო რეკომენდაციების განსასაზღვრად უახლოეს მომავალში საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევიან.
ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მხარეებმა შეთანხმებას გრენობლში მიაღწიეს, სადაც საზოგადოება „კრატერის“ მიწვევით სააგენტოს დელეგაცია მიწის არქიტექტურის ყოველწლიურ გამოფენა-სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა.
მიწის არქიტექტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელთან ბაკონირინა რაკოტომამონჯისთან და არქეოლოგ დავიდ განდროსთან შემდგარ ოფიციალურ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა ცენტრის მეცნიერებს დეტალურად გააცნეს საქართველოში აღმოჩენილი უძველესი არქეოლოგიური ნაგებობების პრობლემები და ის ძირითადი მიმდინარეობები, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ალიზით ნაგები არქიტექტურული ნაშთების საკონსერვაციოდ ახორციელებს. ქართულმა მხარემ პარტნიორ ორგანიზაციას სააგენტოს საქმიანობისა და თანამდეროვე მიღწევების შესახებაც მიაწოდა ზოგადი ინფორმაცია.
გრენობლში, სააგენტოს სამუშაო ჯგუფი უწყების გენ. დირექტორის მოადგილის პაატა გაფრინდაშვილის, კვლევის სამსახურის უფროსის გიორგი გაგოშიძისა და მეცნიერ გივი ჯაყელის შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ალიზის უძველესი ნაგებობების საქართველოში მრავლადა წარმოდგენილი. რთული კლიმატური პირობებისა და სხვადასხვა ნეგატიური ბუნებრივი ზემოქმედებების გამო ამ ტიპის არქეოლოგიური ნაშთები დროთა განმავლობაში დეგრადირებას განიცდის და მათი ღია სახით ექსპონირება ამ დრომდე პრობლემას წარმოადგენს.