საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის ორი მილიონი ევროს ღირებულების ახალი პროექტი იწყება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ ახალ პროექტს იწყებს. პროექტს ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) ორი მილიონი ევროთი დააფინანსებს. ახალი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებას, ღირებულებათა ჯაჭვის გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და გარემოსთან თავსებადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის განვითარებას.
ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ხანიშვილმა გახსნა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის და პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ქვეყანაში თითოეული ახალი პროექტის ინიცირება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას ნიშნავს. ასეთი პროექტები აძლიერებს ფერმერთა შესაძლებლობებს, ზრდის რეგიონების კონკურენტუნარიანობას, ხელს უწყობს მათი პოტენციალის წარმოჩენას. ვფიქრობ, პროექტი ეფექტიანი იქნება და მეტ ახალგაზრდას გაუჩენს აგრარულ დარგში საქმიანობის სურვილს“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა და „ავსტრიის განვითარება თანამშრომლობისთვის“ (ADC) წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში, გერჰარდ შაუმბერგერმა მიმართეს.
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტი ოთხწლიანია. მის ფარგლებში დაგეგმილია  როგორც ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების გაძლიერება, ასევე – კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო გრანტების გაცემა.
გრანტების გაცემის საპილოტე მუნიციპალიტეტებად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ონისა და ცაგერის, ხოლო შიდა ქართლის რეგიონში-ხაშურისა და გორის მუნიციპალიტეტები შეირჩა. გრანტები მიმართული იქნება ფერმერების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისა და აგროწარმოებით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შემცირებისკენ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ეროვნული სტრატეგიებით.
პროექტის პრეზენტაციას დაინტერესებული მხარეები და პოტენციური ბენეფიციარები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრაც, სადაც პროექტის ტექნიკური საკითხები და განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები