“რა სჯობს იმას, თუ დიღმის ტყე-პარკს დასასვენებელი ზონა და სიმწვანე შეემატება” – გიორგი ოთხმეზური

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ ორანჟერეის აშენებას მიესალმება და აცხადებს, რომ ავტომომსახურების ცენტრის ნაცვლად რეკრეაციული სივრცის მოწყობა კარგი იდეაა. მისი შეფასებით, პროექტის განსახორციელებლად  ადგილიც შესაბამისია.
“ძალიან კარგი რაღაც გაკეთდება. ავტოსალონის ადგილი სხვაგანაც შეიძლება გამოინახოს, ოღონდ უნდა გაითვალისწინონ, რომ იქ დასაქმებული ადამიანები უსამსახუროდ არ დარჩნენ. ავტოსალონიც საჭიროა, მაგრამ ჰაერი ნამდვილად უფრო აკლია ქალაქს. პროექტისთვის ადგილიც შესაბამისია. ორანჟერეა კეთდება, კორპუსზე ხომ არ არის საუბარი… რა სჯობს იმას, თუ დიღმის ტყე-პარკს დასასვენებელი ზონა და სიმწვანე შეემატება…”, – აღნიშნავს გიორგი ოთხმეზური.
შეგახსენებთ, რომ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეა მოეწყობა. აღმაშენებლის ხეივანთან მდებარე ტერიტორიაზე, ამჟამად, ავტომომსახურების ცენტრი მდებარეობს. კომპანია “ანაგმა” ორანჟერეით უნდა ჩაანაცვლოს სწორედ ეს ცენტრი, რომელიც ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ადგილას არის განთავსებული და, ფუნქციიდან გამომდინარე, გარემოს გარკვეულ ზიანსაც აყენებს.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი ხე   მოიჭრება. პირიქით, ამ ადგილას 150-მდე ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარე უნდა დაირგოს. პროექტის ავტორი კომპანია „სტუდია 9„-ის საპროექტო სამსახურის მთავარი არქიტექტორი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, მამუკა ჩხაიძეა.
მრავალფუნქციური ორანჟერეა ლანდშაფტურ-დასასვენებელი სივრცეა, რომელიც საგამოფენო დარბაზს, თეატრალურ სცენას და არაერთ საინტერესო ობიექტს აერთიანებს. ორანჟერეა სტუმრებს ნებისმიერ დროსა და ამინდში მიიღებს.
პროექტის თანახმად, ლანდშაფტური პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რაც მთელი ტყე-პარკის რეკრეაციულ ღირებულებას უფრო მეტად გაზრდის. დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად.
მრავალფუნქციური ორანჟერეის პროექტი, საბოლოო სახით, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები