EPPO-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები მცენარეთა დაცვის საკითხებზე საქართველოში სამუშაო შეხვედრას მართავენ

საქართველო ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს. ღონისძიებას, რომელიც აჭარაში   სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იმართება, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) გენერალური დირექტორი, ნიკო ჰორნი ესწრება.

15-მდე ქვეყნის მცენარეთა დაცვის წამყვანი სპეციალისტები სამუშაო ფორმატში განიხილავენ   საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ფიტოსანიტარიულ ზომებს, მავნე ორგანიზმების, მათ შორის, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით (IPPC)  შემუშავებულ  ღონისძიებებსა  და მათი დანერგვის შესაძლებლობებს.

შეხვედრა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა გახსნა. სააგენტოს მიერ წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია საქართველოში არსებული ფიტოსანიტარიული მდგომარეობის, პრიორიტეტებისა და გამოწვევების შესახებ. ქართველმა სპეციალისტებმა კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო  აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ატარებს. ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დამცველები, ვიზიტის ფარგლებში, ადგილზე გაეცნობიან ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს, სამეგრელოს რეგიონში დაათვალიერებენ საველე სამუშაოებსა  და ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მართვის ცენტრს.

უცხოელი სტუმრები, ასევე, შეხვდებიან  ბათუმის ბოტანიკური ბაღის მეცნიერ-თანამშრომლებს და მათგან მოისმენენ ინფორმაციას ენდემურ და  ეგზოტიკურ მცენარეებზე   მავნებლების ზეგავლენისა და  ბრძოლის მეთოდების  შესახებ.

ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციაში (EPPO) საქართველო 2016 წელს გაწევრიანდა, რამაც ხელი შეუწყო  ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას.

სამუშაო შეხვედრას  ავსტრიის. ინგლისის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, სლოვენიის, ირლანდიის, უნგრეთის, რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები