ქართულ დოკუმენტურ ფილმებს ბოლონიის კინოფესტივალზე უჩვენებენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცულ ქართულ დოკუმენტური მოკლემეტრაჟიან  ფილმებს – „თუჯი“, „ხაბაზები“, „მეკვლე“ და „არაბესკები ფიროსმანის თემაზე“ ბოლონიის კინოფესტივალზე – „ილ სინემა რიტროვატო“ (Il Cinema Ritrovato) 22-30 ივნისს უჩვენებენ.
პირველი არხის ინფორმაციით, ფესტივალი 1986 წელს დაარსდა და მასზე აღდგენილ ხმოვან და უხმო ფილმებს აჩვენებენ. ფესტივალის ორგანიზატორია ბოლონიის სინემათეკა.
„თუჯი“ (1964,  რეჟისორი ოთარ იოსელიანი), „ხაბაზები“ (1970, რეჟისორი ბიძინა რაჭველიშვილი) „მეკვლე“ (1981, რეჟისორი გოდერძი ჩოხელი) და „არაბესკები ფიროსმანის თემაზე“ (1985, რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი) – ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტალურმა არქივმა ციფრულად 2018 და 2019 წლებში აღადგინა.
ქართული ფილმების გარდა სექციაში აჩვენებენ მსოფლიო კინოკლასიკას: ჟან რენუარის „ტონი“, ლუის ბუნუელის „ოქროს ხანა“, ფედერიკო ფელინის „ჯამბაზები“, ჯონ კასავეტესის „ქმრები“ და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები