საგარეო უწყება: თურქეთის პოლიცია სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების ფაქტზე 2 ქართველს ეძებს

თურქეთის პოლიცია სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების ფაქტზე 2 ქართველს ეძებს – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
თუმცა, კონსტანტინი განმარტავს, რომ აღნიშნული პირების მოქალაქეობა, ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის.
ამასთან, ვლადიმერ კონსტანტინიდი ადასტურებს, რომ შეირაღებული დაპირისპირებისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, რუსეთის 2 მოქალაქე კი დაიჭრა.
როგორც ვლადიმერ კონსტანდინიდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებაზე საუბარი არ არის, სავარაუდოდ, ადგილი აქვს კრიმინალურ ფაქტს.
„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენი საკონსულო აქტიურადაა ჩართული. ჩვენი კონსული ამ წუთებშიც იმყოფება პოლიციაში. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ გარდაცვლილია საქართველოს ერთი მოქალაქე. წინასწარი მონაცემებით, ერთ-ერთ კომერციულ ობიექტზე თავდასხმა მოხდა, სადაც იმყოფებოდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, საუბარია რუსეთის მოქალაქეებზე. დაჭრილია 2 ადამიანი, სამწუხაროდ, არის გარდაცვლილი, ის საქართველოს მოქალაქეა. 2 პირი, რომელიც თავდასხმაში მონაწილეობდა, მიიმალა. დასტურდება, რომ ისინი ეთნიკურად იყვნენ ქართველები, თუმცა მათი მოქალაქეობა, ჯერჯერობით, არ არის დადასტურებული. მეტი დეტალი მოგვიანებით გვეცოდინება, რადგან გამოძიება მიმდინარეობს”, – განაცხადა კონსტანტინიდიმ.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქის გადმოსვენებას – ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, გადმოსვენების მიმართულებითაც საკონსულო მუშაობს.
„როდის მოხდება გადმოსვენება, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დამოკიდებული ვართ გამოძიებაზე, რადგან მათ უნდა მოგვცენ თანხმობა, ვინაიდან საუბარი ეხებოდა კრიმინალურ შემთხვევას. ეს იყო თავდასხმა, კონკრეტულად, თუ არ ვცდები, საფოსტო გზავნილების ოფისზე, სადაც 3 შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და იქ მყოფ ადამიანებს მიწაზე დაწოლა მოსთხოვა. დიდი ალბათობით, შეიძლება, ეს იყო კრიმინალური გარჩევა, არ არის გამორიცხული – ძარცვის მიზნით. ეს დაზუსტდება გამოძიების მიერ. ამ პროცესში მოხდა გასროლა, რის შემდეგაც იქ მყოფი ადამიანები დაიჭრნენ, შემდეგ თავდამსხმელებმა მიმალვა სცადეს“, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
ცნობისათვის, თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე – თ.პ.. არიან დაჭრილებიც.
დაპირისპირების ადგილზე ნაპოვნია მაყუჩიანი იარაღი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები