„ქართველოლოგიის განყოფილება გვერდში უდგას იმ უცხოელებსაც, რომლებიც საქართველოს შესწავლით არიან დაინტერესებულნი“
ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილება ამ სახელწოდებით 1980-იანი წლებიდან მუშაობს. მისი წიგნადი ფონდი 50 000 ეგზემპლარს მოიცავს. აქ ინახება საქართველოს შესახებ სამეცნიერო ლიტერატურა სხვადასხვა ენაზე, ასევე XIX-XX საუკუნეებში გამოცემული ქართული ჟურნალ-გაზეთების კოლექცია.
თავისი ისტორიის მანძილზე ქართველოლოგიის განყოფილებამ არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა. ახლა აქტიურად მუშაობენ დამოუკიდებელი საქართველოს (1918-1921) ჟურნალ-გაზეთების აღწერაზე. განყოფილება გვერდში უდგას იმ უცხოელებსაც, რომლებიც საქართველოს შესწავლით არიან დაინტერესებულნი.
განყოფილების შექმნის ისტორიასა და მუშაობაზე მის ხელმძღვანელს, ჟანა ქვათაძეს, გავესაუბრეთ. ქალბატონი ჟანა ამ პოზიციაზე 1999 წლიდან მუშაობს.
დაარსება
ქართველოლოგიის განყოფილება 1934 წელს დაარსდა, როგორც კავკასიოლოგიის კაბინეტი, 1935 წლიდან კი მხარეთმცოდნეობის განყოფილება ეწოდა. 1941 წლამდე მას ხელმძღვანელობდა საქართველოში საბიბლიოთეკო საქმის ერთ-ერთი ფუძემდებელი თამარ მაჭავარიანი.
თამარ მაჭავარიანი დიდსა და რთულ საქმეს შეუდგა. მისი ხელმძღვანელობით განვითარდა ანალიტიკური ბიბლიოგრაფია – შეიქმნა XIX საუკუნის პირველი ქართული ჟურნალ-გაზეთების ანალიტიკურ-ბიბლიოგრაფიული მაჩვენებელი 1905 წლამდე (გამოიცა ცხრა ტომი: ექვსი გაზეთების, სამი კი ჟურნალების. სულ – 11 წიგნი).
ეს მკვლევრებისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას ნიშნავდა. ანალიტიკურ ბიბლიოგრაფიაში განთავსებულია ჟურნალ-გაზეთების სტატიები ანოტაციებითა და დარგების მიხედვით. მხარეთმცოდნეობის განყოფილება აგროვებდა ისეთ წიგნებსაც, რომლებიც მხოლოდ საქართველოს კონკრეტულ მხარეს არ შეისწავლიდა. ეს ლიტერატურა ეხებოდა, ზოგადად, ყველაფერს საქართველოზე (ჩვენს ქვეყანაში განვითარებული სამეცნიერო დარგები, გამოჩენილი ქართველი მწერლები, მხატვრები…). ამ გარემოებამ განაპირობა განყოფილების სახელწოდების კიდევ ერთხელ შეცვლა. მას დღემდე ქართველოლოგიის განყოფილება ჰქვია.
კოლექციები
ქართველოლოგიის განყოფილებაში მხატვრული ლიტერატურა არ ინახება, თუ არ ჩავთვლით კლასიკოს მწერლებს: ილია ჭავჭავაძეს, ვაჟა-ფშაველას, ნიკოლოზ ბარათაშვილს, აკაკი წერეთელს, მიხეილ ჯავახიშვილს, გალაკტიონ ტაბიძეს, კონსტანტინე გამსახურდიას და სხვ. ქართველოლოგიის ფონდშია დაცული რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემები ქართულსა და უცხოურ ენებზე. ქართველოლოგიის განყოფილების დამაარსებლის, ქალბატონ თამარ მაჭავარიანის პირადი ბიბლიოთეკაც აქ ინახება.
ქართველოლოგიის განყოფილებაში ასევე დაცულია ავტოგრაფიანი წიგნების კოლექციაც. ჩვენ ხშირად გვსტუმრობდნენ გამოჩენილი მწერლები, რომლებიც თავიანთ ნაწარმოებებს წარწერებით გვჩუქნიდნენ. მაგალითად, გვაქვს წიგნები გურამ შარაძის, ისიდორე დოლიძის და სხვათა ავტოგრაფებით.
ელექტრონული ბაზები
ჩვენი განყოფილება მუშაობს სხვადასხვა ტიპის ელექტრონულ ბაზაზე:
- „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფია“ – აღწერილია 6000-ზე მეტი კულტურული ძეგლი;
- „ქართველები უცხოეთში“ – საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენი გამოჩენილი ემიგრანტების ბიოგრაფიები;
- „ფსევდონიმების ბაზა“ – XIX საუკუნის მწერლები, რომლებიც გამოგონილი სახელებით მოღვაწეობდნენ;
- „გაზეთების მატიანე“ – 1819 -1921 წლამდე ქართული გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია;
- „ქართველოლოგიური წიგნებისა და კრებულების ფოტომასალის აღწერილობა“;
- „ფოტომატიანე“ — წიგნში გამოქვეყნებული სურათების აღწერა.
ქართველოლოგები
ქართველოლოგიის განყოფილებას საქართველოთი დაინტერესებული მრავალი უცხოელი სტუმრობს. საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის საკითხების მკვლევარმა, პროფესორ სტივენ ჯონსმა მისი წიგნების უმეტესობა აქ დაწერა. აღსანიშნავია, რომ ქართველოლოგიის განყოფილებას სტუმრობს უამრავი იაპონელი ახალგაზრდა, რომელთაც ქართველოლოგობა სურთ. ისინი ქართულს სწავლობენ და თარგმანებზეც მუშაობენ.
პროექტები
შარშან დამოუკიდებლობის 100 წლისთავი იუნკერების გახსენებას მიეძღვნა. მომზადდა გამოფენა – „სამშობლოსათვის მებრძოლი სამშობლოდაკარგულები“, რომელიც გვამცნობს 24 იუნკრის ისტორიას. ისინი, ვინც ბრძოლისას ცოცხალი გადარჩა, საფრანგეთსა და პოლონეთში ემიგრაციაში წავიდა.
რამდენიმე წლის წინ ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა გამოფენა იმ ევროპელებზე, რომლებმაც საქართველოს გაუთქვეს სახელი ან განსაკუთრებულად დაგვამახსოვრდნენ ქართველებს. ექსპოზიცია საქართველოს 10 ქალაქში წარმატებით გამოიფინა.
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წელი გავიდა. ამჟამად ამ ღირსშესანიშნავი თარიღიდან გამომდინარე მზადდება ბაზა დამოუკიდებელ საქართველოში (1918-1921) გამომავალი პრესის შესახებ.
ავტორი: ლიკა ძიძიგური